გიორგი შაქარაშვილის საქმის სასამართლო განხილვა სრულდება – მხარეები განაჩენის მოლოდინში | 01.03.2021

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე სასამართლო განხილვები სრულდება. რეზონანსულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას, მცხეთის რაიონული სასამართლოში მოსამართლე  უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ  მტკიცებულებების გათვალისწინებით, ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

განსხვავებული მოლოდინი აქვს დაცვის მხარეს.  ადვოკატები ამბობენ, რომ გახმაურებულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც დაადასტურებდა იმას, თუ ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი. სწორედ ამიტომ, იურისტები ფიქრობენ, რომ ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება  გამამართლებელი განაჩენი იქნება.

რამდენიმე ეპიზოდად დაყოფილ საქმეში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის  ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი და კიდევ ორი არასრულწლოვანი საბედისწერო ღამის ის ფიგურანტები არიან, რომლებიც    გამოძიების ვერსიით,  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან დაედევნენ  და ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს. შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.  დანაშაული, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები