ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირსპატიმრობა შეეფარდა | 26.02.2021

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს – სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე   ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა  განაცხადა, რომ  ბრალდებულები „კომენდანტის საათის“ დროს ქუჩაში სანაიას დასახმარებლად ჩავიდნენ. ბრალდებულ  გიორგი სახელაშვილის ადვოკატი კი  ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს,  ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, კერძოდ კი, ლეიკემია. საქმის პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა, სულიკო საყევარაშვილმა ინციდენტის დროს ქალსაც დაარტყა ხელი. ფაქტი თავად ბრალდებულმა უარყო.  დაკავებულებს 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სასამართლო  პროცესამდე, გენერალურ პროკურატურაში ვახო სანაიას საქმეზე  საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ირაკლი შოთაძის უწყებაში განმარტეს, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია.

ჟურნალისტ ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა  ბათუმში. ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და მომხდარი ერთად გააპროტესტეს.  აქციის მონაწილეები  ჟურნალისტზე თავდამსხმელების დასჯას ითხოვენ და აცხადებენ, რომ აუცილებელია მსგავსი ფაქტების პრევენცია.

თავდასხმა ჟურნალისტ ვახო სანიაზე 2 დღის წინ,  წყნეთის ქუჩაზე მოხდა. სანაია მეუღლესთან, მცირეწლოვან შვილთან და რძალთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მოყინულ გზაზე გაჩერებული მანქანის გადაყვანას მაშველებთან ერთად ცდილობდა. სწორედ ამ დროს მას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.  დაზიანებები აქვს ვახო სანაიას რძალსაც.  ჟურნალისტს  ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ამბობს რომ დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში  მიიღო. თავდასხმის მიზეზად კი სანაია  კრიტიკული მედიის მისამართით ხელისუფლების განცხადებებს ასახელებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები