ნიკა მელიას დაკავებიდან 4 დღის შემდეგ ოპოზიციური ერთობა ქუჩის გამოსვლებისთვის ემზადება | 25.02.2021

ნიკა მელიას დაკავებიდან 4 დღის შემდეგ ოპოზიციური ერთობა ქუჩის გამოსვლებისთვის ემზადება. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის შტურმით აღების შემდეგ დედაქალაქის ცენტრში ხვალ ის ადამიანები შეიკრიბებიან, რომლებიც ნიკა მელიას წინააღმდეგ წამოწყებულ პოლიტიკურ დევნაზწ უკვე დიდი ხანია საუბრობენ და ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას აკისრებენ.  ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მელიას  დასაცავად გაერთიანდნენ, ამბობენ, რომ ხვალიდან ის საპროტესტო ტალღა დაიწყება, რომელიც მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დასრულდება.

ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული ხისტი განცხადებების გამო ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომას ისევ არ აპირებს და “ოცნების” გუნდს მარტივ არჩევანს სთავაზობს. ამბობენ, რომ სანამ ნიკა მელია და გიორგი რურუა გისოსებს მიღმა იქნებიან, იქამდე მოლაპარაკებების პროცესში არცერთი მათგანი არ ჩაერთვება. ხელისუფლების ოპონენტები ახლა კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდის კომპრომისულ ნაბიჯს ელოდებიან.

ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ქვეყანაში გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, “ქართული ოცნება” რიტორიკას არ იცვლის და ოპონენტებს ისევ საკანონდებლო ორგანოში იხმობს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ არგუმენტებს მოკლებულია.

საპროტესტო მსვლელობამდე ერთი დღით ადრე ოპოზიცია აანონსებს, რომ თუ “ქართული ოცნება” შემხვედრ ნაბიჯებს არ გადადგამს, საერთაშორისო კრიტიკასტან ერთად ხალხის პროტესტიც გაძლიერდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები