აშშ-მ ივანიშვილის გუნდის მიმართ შესაძლოა მალე ყველაზე მკაცრი ნაბიჯი გადადგას | 25.02.2021

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილის გუნდის მიმართ შესაძლოა მალე ყველაზე მკაცრი ნაბიჯი გადადგას. საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილო დასავლეთი ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიმართ მოსალოდნელ სანქციებზე ალაპარაკდა.  სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ ვაშინგტონში ივანიშვილის გუნდის სანქცირებასთან დაკავშირებით მსჯელობა უკვე დაწყებულია. კრის სოჩა აცხადებს, რომ თუ ამერიკა სანქციების დაწესებას გადაწყვეტს, სიაში პირველი სწორედ ბიძინა ივანიშვილი იქნება.

“საქართველო თანდათან უკან მიდის. კითხვები ჩნდება ქვეყანაში რუსული გავლენების გაძლიერებაზე. ახლა სენატში ხდება ისეთი რამ, რაც არასდროს მომხდარა. კონგრესმა დაიწყო მსჯელობა ისეთ საკითხებზე, რომელიც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში, ესაა სანქციების საკითხი. სანქციები არის ინდივიდუალური და არა ქვეყანასთან მიმართებაში და პირველ რიგში იხილება ივანიშვილის მიმართ. საქართველოში ჩატარებული ბოლო არჩევნების, მას შემდეგ მიმდინარე პროცესების და სახელმწიფო დეპარტმანეტთან კომუნიკაციის შემდეგ, ახლა ჩვენ განვიხილავთ რა ტიპის პირობები უნდა დავაყენოთ, როგორი სანქციები უნდა იყოს. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ოფიციალურ თბილისს გავუგზავნოთ მესიჯი და მათი ყურადღება მივიპყროთ,” – ეს განცხადება კრის სოჩამ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე გააკეთა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტკოსები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი და ლიეტუვას საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც ნიკა მელიას დაკავებამდე საქართველოში იმყოფებოდა. ისინი აცხადებენ, რომ სანქციები არის უპირობო და ის არამხოლოდ ივანიშვილზე, არამედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზეც უნდა გავრცელდეს.

საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი. ის ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის უსაფრთხოების ძალების მხრიდან ოპოზიციური პარტიის ოფისში რეიდს არ ელოდებოდნენ. ტვაინინგი ხელისუფლების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობზე აკეთებს აქცენტს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკსირება.

“ვაშინგტონში ბევრი ადამიანი გამოხატავს შეშფოთებას ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. არცერთი ჩვენგანი არ ელოდებოდა იმას, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მთავრობის უსაფრთხოების ძალები ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში რეიდს მოაწყობდა. ამასთან, თითოეული ჩვენგანი მოელის, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჯგუფები კონსტრუქციულად იმუშავებენ. ქართველმა ხალხმა ცოტა ხნის წინ ჩაატარა კიდევ ერთი არჩევნები. პოლიტიკოსები აირჩიეს იმისთვის, რომ მათ ქვეყანა მართონ და ქვეყანა წინ წაიყვანონ რეფორმებისა და ზრდის გზით. მათ არ აირჩიეს პოლიტიკოსები იმისთვის, რომ ერთმანეთში ასე გაუთავებლად იკინკლაონ. მთავრობა აკონტროლებს უსაფრთხოების ძალებს, მთავრობა მართავს ქვეყანას. ამის გამო, მთავრობას განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ეკისრება ზრუნვით და სიდინჯით, თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვით იმოქმედოს. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ყველა მოქალაქეს და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს,” – განაცხადა დენიელ ტვაინინგმა.

ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას ელოდებიან ოპოზიციაში. მათი თქმით, ის, რომ ნიკა მელიას დაკავებიდან მესამე დღეს საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებები არ წყდება მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთი ივანისვილის რეჟიმის სანქცირებისთვის ემზადება.

მმართველი გუნდი კი საერთაშორისო პარტნიორებისგან სანქციებს არ ელოდება. “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ და ამ საკითხზე არანაირი საუბარი არ ყოფილა. ამბობენ, რომ მათთვის მთავარი ევროკავშირის და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებია, რომლებიც მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ.

სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები მნიშვნელოვნად მიაჩნია “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს, რომელმაც მმართველი პარტიის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, უკვე რამდენიმე დღეა რიტორიკა შეარბილა. კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დისკუსია და კომპრომისები აუცილებელია.

დაუწესდება თუ არა ბიძინა ივანიშვილს და მისი გუნდის მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები უცნობია. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ თუ ხელისუფლება კომპრომისულ ნაბიჯებს არ გადადგამს და პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, სანქციები გარდაუვალი იქნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები