გადაიზრდება თუ არა მწვავე გზავნილები ქმედებებში – დასავლეთი უკვე მოსალოდნელ სანქციებზეც ალაპარაკდა | 24.02.2021

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ნიკა მელიას დაკავების საკითხი უკვე მეორე დღეა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიზეზია. დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების მიმართ უკვე მოსალოდნელ სანქციებზეც ალაპარაკდა, თუმცა გადაიზრდება თუ არა მწვავე გზავნილები მკაცრ ქმედებებში ჯერ-ჯერობით უცნობია. “ნაიოცნლაური მოძრაობის” ოფისზე მიტანილი შტურმით და ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებით შეერთებული შტატები იმდენად შეშფოთებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგის პირველი თემა სწორედ საქართველო აღმოჩნდა. პრესსპიკერმა ნედ პრაისმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს.

“დღეს დავიწყებთ საქართველოთი. აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერების დაკავების გამო. ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ან გაამწვავოს დაძაბულობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, გააძლიეროს ვალდებულებები დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი, სასამართლო და პროკურატურის სისტემების თავისუფლების უზრუნველყოფით პოლიტიკური მიკერძოებისგან. ჩვენ ცხადად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. ფაქტი, რომ ამას პოდიუმიდან ვამბობ, მეტყველებს იმაზე, რომ უფრო პირდაპირი განხილვა გვქონდა მეორე მხარესთან, მათ შორის საქართველოში. რომ არ განვმეორდე, ამ ბრიფინგზე რამდენჯერმე ვთქვი და აღვნიშნავ, რომ შეერთებული შტატებისთვის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ამომავალი წერტილი ღირებულებებია,” – განაცხადა ნედ პრაისმა.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველი. ჯეიკ სალივანი ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდნენ.

“შეშფოთებულები ვართ საქართველოში ნიკა მელიას დაპატიმრებით. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად თავიდან აიცილონ ესკალაცია და მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ,”წერს ჯეიკ სალივანი twitter-ზე.

“ქართული ოცნების” ლიდერებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ ამერიკელი კონგრესმენები. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ გადამეტებული ძალის გამოყენებით და არადემოკრატიული მოქმედებებით ქვეყნის დემოკრატია სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას. განცხადებას რომელიც კონგრესმენებმა გაავრცელეს ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსი, კონგრესმენები მაიკლ მაკკოლი, ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი.

საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულებას, თბილისში მომხდარი მოვლენების ხილვა დამთრგუნველი იყო. ქართველი ხალხის მრავალწლიანი შრომა უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის მშენებლობისთვის სერიოზული საფრხის ქვეშ დგას გადამეტებული ძალის გამოყენებითა და არადემოკრატიული მოქმედებებით. პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთქართული ოცნებისლიდერებს სიტუაციის დეესკალაციისკენ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მუშაობისკენ იმისათვის, რომ საქართველო ჯანსაღი დემოკრატიული მომავლის კურსს დაუბრუნდეს. ვშიშობთ, რომ უმცირესობათა პარტიებთან მუშაობის შეფერხება ხელს შეუშლის ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს,აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურებიან ამერიკელი სენატორებიც. ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისის დარბევის და მისი ლიდერის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

“საქართველოს სამართალდამცავი ძალებისა და სასამართლო სისტემის კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევროატლანტიკური გზისგან. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ბატონი მელია და გიორგი რურუა. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და ამ კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტაზე მოილაპარაკოს, აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა განხილვის თემაა ბრუსელშიც. ევროპარლამენტარები ევროსაბჭოს პრეზიდენტს წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაუყოვნებლივ განახლების მხარდასაჭერად გამოიყენოს და აქტიურად ჩერთოს შეხვედრებში.

“რამდენადაც საქართველოში თქვენი უკიდურესად დროული ვიზიტი ახლოვდება, ევროპარლამენტის წევრები, წერილობით გამოვთქვამთ ჩვენს შეშფოთებას ევროკავშირის მნიშვნელოვან ასოცირებულ აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანაში სწრაფად გაუარესებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მოსალოდნელი იყო ხელახლა დადასტურებულიყო საქართველოს დემოკრატიული ერთგულება. ამის ნაცვლად, არჩეული წევრთა ერთი მესამედი არჩევნების გაყალბების მოტივით უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სამართლიანმა არჩევნებმა სხვა ხარვეზებთან ერთად, საარჩევნო უბნების ოქმების 8 პროცენტში შეუსაბამობა გამოავლინა. 23 თებერვალს ცრემლსადენი გაზის გამოყენებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, მმართველ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაძაბულობამ ძალზე საშიშ დონეს მიაღწია. ევროკავშირს არ შეუძლია უგულებელყოს არსებული ვითარება, როდესაც ძალის გამოყენება, რევანშიზმი და კონფრონტაციის პოლიტიკა გახდა დომინანტი ტენდენციები. პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საფრთხეს უქმნის საზოგადოების და სახელმწიფოს სტაბილურობას. ჩვენ მოგიწოდებთ გამოიყენოთ თქვენი ვიზიტი იმისათვის, რომ წაახალისოთ ქართული პოლიტიკური ძალები პარტიათაშორისი დიალოგი დაუყოვნებლივ განაახლონ, ჩვენ მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთოთ მათთან შეხვედრაში თქვენი ვიზიტის დროს”.

ნიკა მელიას დაკავებას სტატიას უძღვნის, გავლენიანი გამოცემა, Foreign policy , რომელშიც ნათქვამია, რომ ნიკა მელიას დაკავებას შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციები მოჰყვეს. ოპზიციური პარტიის ოფისზე შტურმი კი შესაძლოა რეგიონში ერთადერთი დემოკრატიისთვის გარდამტეხი მომენტი გახდეს.