პროტესტი და დაანონსებული ფართომასშტაბიანი აქციები | 23.02.2021

პროტესტის ახალი ტალღა – ნიკა მელიას დაპატიმრებიდან რამდენიმე საათში მოვლენების  ეპიცენტრმა, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან, საქართველოს პარლამენტთან გადანაცვლა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა დღევანდელ აქციაზე კარავი გაშალეს და მასშტაბური საპროტესტო აქციები დაანონსეს. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ დღეიდან პარლამენტის წინ მორიგეობას დაიწყებენ, ამ ფორმით კი ხელისუფლებას აიძულებენ დანიშნონ ვადამდელი  საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

ოპოზიციის ლიდერები  და  სამოქალაქო აქტივისტები პარლამენთან მსვლელობით მივიდნენ. ისინი  ჯერ მთავრობის ადმინიტრაციასთან შეიკრიბნენ, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.  ნიკა მელიას დაჭერის გამო, 26 თებერვალს ოპოზიციური ერთობა თბილისში მასშტაბურ მსვლელობას მოაწყობს, რომლის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმარების გათავისუფლება იქნება. აქციას უერთდებიან მელიას მხარდამჭერები, თანაგუნდელები და ის მოქალაქეები, რომლებმაც სახლში ჯდომას მთავრობის უკანონობის გაპროტესტება არჩიეს.