“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამაგრებული ოპოზიცია დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს | 22.02.2021

დაუბრუნდება თუ არა მმართველი გუნდი და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად – “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამაგრებული ოპოზიცია დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ჩიხიდან გამოსასვლელად ხელისუფლებას კიდევ ერთ შანსს აძლევენ. სწორედ  ამიტომ ოპოზიციამ 25 თებერვალს დაანონსებული მასშტაბური აქციაც გააუქმა და ამით “ქართულ ოცნებას” მოლაპარაკებებზე წამოსასვლელად დამატებითი დრო მისცა.

ოპოზიციასთან შეხვედრისთვის მზად არის მმართველი გუნდი, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ოპონენტები კანონის მოთხოვნებს დაემორჩილებიან, ბოიკოტზე უარს იტყვიან და საპარლამენტო მანდატებს დაიკავებენ. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მათი მხრიდან ყველა შეთავაზება უკვე გაკეთებულია, თუმცა ოპოზიციას შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების განმუხტვა რეალურად არ სურს.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი კი აცხადებს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ალეკო ელისაშვილი დიალოგის ჩაშლისთვის პასუხისმგებლობას როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიციას აკისრებს.

დაბრუნდება თუ არა პოლიტიკური პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან უცნობია. მხარეები პოზიციებს არ თმობენ. ხელისუფლება ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებით იმუქრება და ამ ფონზე ოპონენტებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. ოპოზიციური პარტიები კი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და საპარამენტო მანდატების დაკავებას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე “ქართული ოცნება”  პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების დანიშვის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.