საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი | 19.02.2021

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი უკვე მეორე დღეა დასავლეთის ყურადღების ცენტრშია. ქვეყანაში არსებული ვითარება ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების შეშფოთება იწვევს.   NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი ჯერარდ კონოლი, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინა აცხადებს, რომ ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია. კონგრესმენი კონოლი ხელისუფლებასა და ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად სწრაფი ქმედებებისკენ მოუწოდებს.  კონგრესმენი გამოსავალს მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგსა და ნდობისთვის აუცილებელი პირობების შექმნაში ხედავს და აცხადებს, რომ  ორივე მხარემ მაქსიმალური თავშეკავება უნდა გამოიჩინოს.

“სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, უპირისპირდება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებში შემავალი სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას. სულ რაღაც ათი დღის წინ, აშშ-ის კონგრესში კვლავ წარვადგინე საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს კანონპროექტი აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის ფონზე. ამასთან, იგი ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების მუდმივი განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობას და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას. საერთო დემოკრატიული ღირებულებები როგორც ნატო-ს წევრებს, ისე საქართველოს მსგავს ჩვენს პარტნიორებს შორის, არის ჩვენი უძლიერესი იარაღი მოსკოვში, პეკინსა და სხვაგან არსებული ავტოკრატიების წინააღმდეგ.“

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო  ღრმად შეშფოთებულია ამერიკის შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი განცხადებას ავრცელებს და ყველა მხარეს თავშეკავების გამოჩენისა და ძალადობის გამომწვევი ნებისმიერი ქმედების თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად.

“შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და სასამართლო და სისხლის სამართლის დევნის სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლებით განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი. შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მხარდასაჭერად.”

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კრიტიკული შეფასებით ეხმაურება ევროპის სახალხო პარტიაც. EPP-ის twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებით, გამოსავლის მოძებნისა და კომპრომისის ნაცვლად, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია. ევროპის სახალხო პარტია პირდაპირ ამბობს, რომ შექმნილი კრიზისიდან  გამოსავალი ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლებაა.

“სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებით, გამოსავლის მოძებნისა და კომპრომისის ნაცვლად, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია. საქართველო შეიძლება იყოს რეგიონის წამყვანი ქვეყანა, მაგრამ უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და ინსტრუმენტალიზებულ სასამართლო სისტემას. სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება მთავრობასა და ოპოზიციას შორის.”

პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს გულწრფელ დიალოგში ხედავს ევროკავშირიც. როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადებაში ვკითხულობთ,  ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მაქსიმალური თვაშეკავებისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

“აუცილებელია პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობა მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად და პოლარიზაციის გაზრდის თავიდან ასაცილებლად. საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა საქართველოში დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო ამბიციური და ინკლუზიური რეფორმების საშუალებით. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან ეფექტიანი გამკლავების წინაპირობას წარმოადგენს. ევროკავშირი მზად არის განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევაში.“

ბოლო დღეებში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე მორიგი განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის საელჩომ, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას.  განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო  სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და აუცილებელია არსებული დაძაბულობის დეესკალაცია.

“აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება..საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგ ენას.”

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისს, ამეირკის ყოფილი ელჩი იან კელი „მიმდინარე პოლარიზაციას“ და „დიალოგის ნაკლებობას“ უკავშირებს. კელი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ სტატუს ქვო უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნისთვის შედეგები მძიმე იქნება. კელი თვლის, რომ მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თვალსაზრისით.

ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ — დასავლეთში ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც მოხარული იქნება საქართველო და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები დაივიწყოს, თუ ქვეყანაში ასეთი ქაოსი და ერთპარტიული სისტემა გაგრძელდება. შედეგები ყველასთვის ძალიან დიდია. როგორც მთავრობამ, ასევე ოპოზიციამ ტემპერატურა უნდა დაწიონ, შეწყვიტონ მწვავე რიტორიკა, დასხდნენ ერთად და მონახონ გამოსავალი.“

ოპოზიციურ სპექტრში მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებები ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არსებობას ადასტურებს, ამიტომ ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტები ვითარების განსამუხტად ერთადერთ გამოსავალს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში ხედავენ. მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება.

მმართველი გუნდის წევრები კი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებში მხოლოდ ოპოზიციის მიმართ მოწოდებებს ხედავენ. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მათმა ოპონენტებმა მანდატები უნდა დაიკავონ და საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ.

გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყნის მთავარი პარტნიორების მოწოდებებს და მიუსხდებიან თუ არა მოლაპარაკებების მაგიდას, ჯერ-ჯერობით უცნობია. “ოცნება” ოპონენტების მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ამ ეტაპზე არ აპირებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები