„ოცნება“ ღარიბაშვილის პრემიერად დამტკიცებას ჩქარობს. მთავრობაში მაია ცქიტიშვილი აღარ იქნება | 19.02.2021

მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრი აღარ იქნება. “ქარული ოცნების” პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა,  მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში ორი ახალი სახე იქნება. მაია ცქიტიშვილს ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი  ჯუანშე ბურჭულაძე დაიკავებს.  ირაკლი ღარიბაშვილმა მაია ცქიტიშვილს წარმატებები უსურვა. გახარიას გუნდის ყოფილა მინისტრმა კი თქვა, რომ ოჯახს უბრუნდება.

საკანონმდებლო ორგანო  ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ჩქარობს. მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 22 თებერვალს გავა.  მანამდე საკომიტეტო მოსმენები შაბათ-კვირას გაიმართება. პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს, თუმცა, როგორც ჩანს დეპუტატებს მთავრობის დასამტკიცებლად ამდენი  დრო არ დასჭირდებათ.  როგორც ირკვევა საკანონმდებლო ორგანოში შესული ორი ოპოზიციური პარტიიდან ერთი ღარიბაშილის პერსონას ნდობას უცხადებს. განსხვავებულია პარტია “მოქალაქეების” პოზიცია.

პრემიერის პოსტზე მეორედ დასაბრუნებლად,  ირაკლი ღარიბაშვილს სრული მხარდაჭერა აქვს მმართველ გუნდში. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ღარიბაშვილი წარმატებული იყო ყველა იმ მიმართულებით, რომელიც მას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ებარა.

რა მიზნით ბრუნდება 6 წლის წინ გადამდგარი პრემიერი მთავრობის მეთაურის პოსტზე –  უკვე ორი დღეა, ირაკლი ღარიბაშვილის  მეორედ მოსვლა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანია.  ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ  ღარიბაშვილის გაპრემიერება სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს და მისი ნაბიჯები უფრო ხისტი იქნება. ოპოზიციურ სპექტრში ამბობენ, რომ  მთავრობაში ცვლილებები არსებულ რეალობას ვერ შეცვლის.

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობას ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კი   პოლიტიკაში 2019 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა და მმართველ პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოსტი დაიკავა. ამავე წლის სექტემბერში ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში, ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი იყო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის  გადახდა  არასდროს ავიწყდებოდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები