ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – გახარიას გადადგომის შემდეგ ოპოზიცია ბრძოლის ახალ ეტაპს აანოსებს | 18.02.2021

“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – პრემიერი გახარიას გადადგომის შემდეგ ოპოზიცია პირველ გამარჯვებას ზეიმობს და ბრძოლის ახალ ეტაპს აანოსებს. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ახლა ოპოზიციის ლიდერები ისევ იკრიბებიან და სრულიად ახალი ეტაპისთვის იწყებენ მზადებას. ბოლო დღეების მთავარი ფიგურანტი, ნიკა მელია კი გახარიას გადადგომას ოცნების ხელისუფლების დასასრულად და მთავრობის მიერ მართული პოლიციის უკან დახევად აფასებს.

პრემიერი გახარიას წასვლისა და მელიას დაკავების გადავადების შემდეგ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში დღეს პირველი დიპლომატი გამოჩნდა. ლიეტუვის ელჩმა,  ანდრიუს კალინდრამ შეხვედრაზე შესვლამდე პირდაპირ თქვა, რომ ის მიმდინარე მოვლენების გამო ღელავს და ოპოზიციის ლიდერებს სოლიდარობას უცხადებს.

გახარიას წასვლას “ქართული ოცნების” დასასრულის დასაწყისად აფასებენ ის ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებმაც მთელი ღამე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გაათანეს. ამბობენ, რომ გომელაურის უწყების გადაწყვეტილება გადავადდეს ნიკა მელიას დაკავება, პირდაპირი სიგნალია იმის, რომ ოცნება სიტუაციას უკვე ვერ აკონტროლებს.

ვადამდელი არჩევნები ახალი სისტემით – ახლა ესაა ის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციის აზრით, მმართველა გუნდმა უახლოეს საათებში უნდა გადადგას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახალი მთავრობა, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი დაამტკიცებს, ლეგიტიმური ვერ იქნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები