განახლებული სასწავლო პროცესი და გახსნილი ღია კაფეები – როდის მოიხსნება შეზღუდვები სრულად | 15.02.2021

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ სასწავლო პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში განახლდა. საგანმანათლებლო დაწესებულებები კოვიდუსაფრთხოების ნორმების დაცვით გაიხსნა. სკოლები სადეზინფექციო ხსნარით, თერმოსკრინინგის აპარატებით და დეზობარიერებით არის აღჭურვილი. მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით  მოსწავლეებს და მასწავლებლებს კი პირბადის ტარება მოეთხოვებათ. მშობლები სკოლების გახსნას მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ რეგულაციების დაცვით სკოლები უსაფრთხოდ ფუნქციონირებას შეძლებენ. მოსწავლეთა ნაწილმა კი კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება აირჩია.

სკოლების გარდა  მუშაობა განაახლეს კვების ობიექტებმა. დღეიდან რესტორნები სტუმრების მიღებას  მხოლოდ ღია სივრცეში შეძლებენ. მათ საქმიანობა საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ, მათ შორის მოეთხოვებათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგის და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში კი კვების ობიექტები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.

როდის გაიხსნება რესტორნების შიდა სივრცეები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ეკონომიკის მინისტრის თქმით, საკითხზე მსჯელობა დაწყებულია. ნათია თურნავა ამბობს, რომ თუ რეგულაციების შემსუბუქება ეპიდვითარებას არ გააუარესებს, შემდგომი ეტაპი ბიზნესის სრულყოფილი გახსნა იქნება. მინისტრი ბიზნესს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ რეგულაციების შემსუბუქების კალენდარი სწორედ მათზეა დამოკიდებული.

დღემდე  უცნობი რჩება როდის მოიხსნება ე.წ. კომენდანტიის საათი. როგორც საკოორდინაციო საბჭოს წევრები ამბობენ 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამზე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა ან შემსუბუქება ჯერ ჯერობით არ განიხილება. მათი ტქმით კომენდანტის საათის მოხსნის რეკომენდაცია მაშინ გაიცემა, როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება.