“ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ზაზა გახელაძის 12 წლით და 6 თვით დაპატიმრებას” | 12.02.2021

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის  უკანონო დაპატიმრებას ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს დელეგაციები გმობენ. ეუთო-ში აშშ-ის მისიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია,  რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს განაჩენი საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაკონტროლებისა და ექსპლუატაციისკენ მიმართული რუსეთის მცდელობის კიდევ ერთი მაგალითია. მომხდარს გამოეხმაურა ასევე, ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის დელეგაცია. დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლა მიურეიმ ეუთოს მუდმივ საბჭოში დიდი ბრიტანეთის სახელით შეშფოთება გამოხატა საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გამო.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ზაზა გახელაძის დასახმარებლად უახლოეს პერიოდში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საკითხზე ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაციები და მოლაპარაკებები უკვე გაიმართა.  გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ გახელაძის პატიმრობის გახანგრძლივება საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო გადაწყვეტილებაა.

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. რა დროსაც რუსმა სამხედროებმა ის ფეხის არეში დაჭრეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები