სინოდის სხდომაზე ვაქცინაციაზე, გარეჯის თემაზე და ზნეობრივ საკითხებზე 35-მა მღვდელმთავარმა იმსეჯელა | 11.02.2021

11 თებერვლის სინოდის სხდომა დასრულდა – სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა,  რომლებმაც გარეჯის თემაზე, ვაქცინაციაზე და ზნეობრივ საკითხებზე იმსჯელეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ცნობილი, განჩინების გავრცელების შემდეგ გახდება.

სასულიერო პირები სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარს არ აკეთებენ. მღვდელმთავრები სწორედ განჩინების მოლოდინში არიან.  თუმცა რამდენიმე მათგანის პოზიცია ცნობილი ჯერ კიდევ სინოდის სხდომის დაწყებამდე გახდა. ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტატი გააკეთა. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო, ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი.

ამ ეტაპზე უცნობია, იმსჯელა თუ არა რაიმე სახით წმინდა სინოდმა ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებული სასულიერო პირის საკითხზე. დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა საპატრიარქოსთან სპეციალური ბანერით სინოდის დაწყებამდე მივიდა. თორნიკე მამალაძე სინოდის წევრებს მოუწოდებს, შექმნან კომისია და ციანიდის საქმესთან დაკავშირებით  იმსჯელონ. მამალაძემ მოთხოვნა სასულიერო პირებს თავად გააცნო.

სასულიერო პირები დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ორ საათს თათბირობდნენ. რაზე შეთანხმდნენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ცნობილი რამდენიმე  საათში გახდება.  საპატრიარქო სპეციალურ განჩინებას ამზადებს.