ინიციატივა, რომელმაც ოპოზიციური ერთობა ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა | 11.02.2021

ინიციატივა, რომელმაც ოპოზიციური ერთობა ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა – ბოიკოტის გამოცხადებიდან 3 თვის შემდეგ მცირე ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლაზე საუბარი უკვე ღიად დაიწყეს. კიდევ ერთი პარტია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ერთჯერადად შესვლას არ გამორიცხავს “რესპუბლიკური პარტიაა”. „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიაში“ შემავალი სუბიექტი აანონსებს, რომ თუ “ოცნების” გუნდი დააინიცირებს კანონპროექტს ნულოვანი ბარიერით, პარლამენტში შევლენ და ხმას მისცემენ, რის შემდეგაც ისევ უკან გამოვლენ.

“რესპუბლიკური პარტიის” მიერ ახალი ინიციატივის გახმოვანების შემდეგ იმ პარტიათა რიცხვი, ვინც საარჩევნო კოდექსისთვის ხმის მიცემას გეგმავს უკვე ორამდე გაიზარდა. ერთადერთი პარტია, ვინც თანამოაზრეების განცხადება დღეს მოიწონა “გირჩის” ძველი განაყოფია. “გირჩში” იმედს გამოთქვამენ, რომ ახალ წამოწყებას სხვა პატარა პარტიებიც გაიზიარებენ, თუმცა მთავარი რამ, რაც ახლა აღელვებთ კანონპროექტის მისაღებად ისევ არასაკმარისი ხმებია.

“რესპუბლიკელების” ახალი ინიციატივა ბუნდოვანი აღმოჩნდა იმ პოლიტიკური ძალებისთვის, ვინც მათთან ერთად ერთ ბლოკში არიან გაერთიანებულები. “ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ ე.წ „დახურდავება“ მცირე დათმობებზე მიუღებელია, რადგან დღის წესრიგში ახლა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა დგას.

ჯერი ახლა ოპოზიციაზეა, რომელმაც უნდა დაამტკიცოს არის თუ არა მათი ერთობა ურყევი. ხელისუფლების ოპონენტებისთვის მათი პარტნიორების მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები არათანმიმდევრული და ტაქტიკურად არასწორია. ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციაამ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საპარლამენტო ბოიკოტი ძალაში იქამდე  დარჩება, ვიდრე  4 მოთხოვნიდან მთავარი – ვადამდელი არჩევნები არ დაკმაყოფილდება.

“რესპუბლიკური პარტიის” მიერ პოლიტიკური სუბიექტებისთვის შეთავაზებული პირობა ოპოზიციის გარდა არასერიოზულად აღიქვეს მმართველ გუნდშიც. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ საპარალამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მხოლოდ ერთჯერადად მიღება ბავშვური თამაშია.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს “რესპუბლიკური პარტია” და იქნებიან თუ არა ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია ის ადამიანები, რომლებიც საპარლამენტო სავარძლებს დაიკავებენ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ოპოზიციურ ბანაკში ახლა ისევ მოლაპარაკებების გადამწყვეტ, მეხუთე რაუნდს ელოდებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები