დაბრუნდებიან თუ არა ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი საპატიმროში – კარტოგრაფების საქამე | 10.02.2021

დაბრუნდებიან თუ არა ე.წ. კარტოგრაფები საპატიმროში. ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე დღეს სახლიდან პირველად მივიდნენ. მათ  პროკურატურა სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. კარტოგრაფები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აბსურდულია.

მელაშვილი არ აკონკრეტებს, ცვლის თუ არა საქმეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის 2007 წელს გაკეთებული განცხადება, სადაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად,  დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა.

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დღეს ახალი მტკიცებულებებით მივიდა. საქმის პროკურორის განმარტებით,  მნიშვნელობანი მტკიცებულებაა პატიმრობიდან გათავისულფების შემდეგ,  მელაშვილის ის  განცხადება, სადაც კარტოგრაფმა თქვა, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მელაშვილმა ამ განცხადებაზე არაერთი განმარტება გააკეთა, პროკურატურა მას მაინც მნიშვნელოვან როლს ანიჭებს.

დაცვის მხარე ითხოვს, რომ პროკურატურის არცერთი მტკიცებულება არ იქნეს ცნობილი დასაშვებად.   განსაკუთრებით ის რუკები, რის საფუძველზეც მეცნიერებს დანაშაულს ედავებიან. ედუარდ მარიკაშვილის განმარტებით,  ბრალდების მხარის მტკიცებულებები უხეში დარღვევითაა მოპოვებული.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომელთაც პროკურატურა საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებს ედავება, სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს  გათავისუფლდნენ. სასამართლომ თითოეულ  მათგანს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით,  ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ. ირაკლი შოთაძის უწყება ახლა  სწორედ დავალების გამცემი პირების დადგენას ცდილობს.