როდის და რომელი ვაქცინით დაიწყება საქართველოს მოსახლეობის აცრა – ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლებას | 09.02.2021

კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთი წლის შემდეგ ქვეყანა ვაქცინაციის დაწყების მოლოდინის რეჟიმშია.  მსოფლიოში აქტიურად მიმდინარე  ვაქცინაციის ფონზე, მოქალაქეებმა მხოლოდ ის იციან, რომ თვის ბოლოს 15 000 ადამიანისთვის სამყოფი დოზა შემოვა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დამტკიცებულია,  თუმცა როდის დაიწყება მოსახლეობის აცრა, ჯერ ისევ გაურკვეველია. ვაქციანციის გარშემო არსებული კითხვების გამო, ოპოზიცია ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებების გასაჯაროებას ითხოვს. პარტია “ლელომ” მთავრობას 10 დღიან ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვით დაემუქრა. “ლელოში” ეჭვობენ, რომ ვაქციანციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები და პროცედურები გაუმჭირვალეა.

იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია, ოპოზიცია ხელისუფლების უმოქმედობაზე მიუთითებს. ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” არაეფექტური პოლიტიკა, სწორედ ვაქცინაციის მართვაში ჩანს. ოპოზიციის შეფასებით, ვაქცინის მიღებისთვის მთავრობამ შესაბამისი მოლაპარაკებები არ აწარმოა, რის გამოც პროცესი გაიწელა. ოპოზიციას  მაგალითად, საქართველოზე  უარესი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მოჰყავს, სადაც მათი თქმით, ვაქცინის  მარაგების შევსება უკვე დაიწყეს,  საქართველოს მთავრობას კი უმნიშვნელო დოზა აქვს შეკვეთილი.

ვაქცინების გარშემო არსებული კითხვების ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ კოვაქსთან მთავრობას გაუთქმელობის ხელშეკრულება აქვს დადებული და ინფორმაცია კონფიდენციალურია. მინისტრის მოადგილეს ვაქცინაციის დაწყების კონკრეტულ თარიღებზე დღესაც არ უსაუბრია. ცნობილი გახდა, მხოლოდ ის,  რომ  ვისაც კორონავირუსი ახალი გადატანილი აქვს, მათ ჯანდაცვის სისტემა ვაქცინაციას ამ ეტაპზე არ შესთავაზებს.

დღეს ასევე გაირკვა, რომ სახელმწიფო ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორის ჩართვას დადებითად უყურებს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი განმარტავს, რომ  ამ ეტაპზე ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები კერძო სექტორს ხელშეკრულებებს არ უფორმებენ, თუმცა ის ვარაუდობს რომ ეს პრაქტიკა შეიცვლება. ამირან გამყრელიძის თქმით,  წლის განმავლობაში მილიონ 400 000 დოზის მოწოდება გარანტირებულია. ამბობს, რომ დამატებით 2 მილიონ ნახევარი დოზის მოპოვებაა საჭირო, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის ქვეყნის მასშტაბით უკვე 9 დაწესებულებაა შერჩეული. თუმცა ვაქცინის შემოტანის თარიღი – გაურკვეველია. საკოორდიანციო საბჭოზე დღეს ასევე ითქვა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 40%-ია ვაქცინაციის  მიმართ კეთილგანწყობილი.  ამის ფონზე, მთავრობა არც საინფორმაციო კამპანიის დაწყებას ჩქარობს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები