„ოცნება“ მანდატებით ვაჭრობას განაგრძობს – ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ახალ შეთავაზებაზე | 09.02.2021

პოლიტიკური შეთანხმების ახალი ეტაპი იწყება – პოლიტიკური კრიზისიდან 3 თვის შემდეგ მმართველი გუნდი უკან იხევს და ოპონენტებს კონკრეტულ შეთავაზებას უგზავნის. პარტიის ოფისში გუშინ გამართული რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ “ოცნების” გუნდმა გამოთქვა მზაობა, რომ 2024 წლისთვის ბარიერმა 0-დან 3%-მდე დაიწიოს, თუმცა ამის სანაცვლოდ პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებს ელოდებიან. “ქართულ ოცნებაში” გუშინ არ დამალეს, რომ მათი ახალი ინიციატივის პირდაპირი ადრესატი იაგო ხვიჩიას “გირჩია”. “გირჩის” განაყოფში “ოცნების” გუშინდელ განცხადებას მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ ამ წინადადებას სხვა პარტიებიც გაიზიარებენ.

“ოცნება” მანდატებით ვაჭრობას განაგრძობს – ასე ეხმაურება ხელისუფლების ახალ ინიციატივას ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც უკვე რამდენიმე თვეა ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ მცირე დათმობებით “ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე პარტია პარლამენტში შესვლაზე მართლაც დაითახნმოს, თუმცა მათივე თქმით, ეს ოპოზიციის ერთიანობას ვერ დააზიანებს.

საჯარო დაპირება ბარიერის დაწევის შესახებ არადამაჯერებელია ესქპერტთა იმ ნაწილისთვის, ვინც “ქართული ოცნების” მხრიდან მანდატებით მანიპულაციაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს. ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ ნებისმერი ასეთი პირობა შეუსრულებელი დარჩება, რადგან “გირჩის” შესვლის შემთხვევაშიც საკმარისი ხმები კანონპროექტის მისაღებად მაინც არ შეგროვდება.

ოპოზიციის პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, “ქართული ოცნება” საგამოძიებო კომისიის შექმნისთვისაც ემზადება. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაანონსებულ ინიციატივაზე,  “ქართული ოცნებამ” მუშაობა უკვე დაიწყო. ამბობენ, რომ თუ ოპოზიციას არჩევნების გაყალბების დამტკიცება სურს, პარლამენტშუ უნდა შევიდნენ და კომისიის მუშაობაში ჩაერთონ. თუმცა ოპოზიცია საგამოძიებო კომისიასაც, მახეს ადარებს.

შევლენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციის ცალკეული ლიდერები – ეს პოლიტიკური განხილვების მთავარ თემად რჩება. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ცალკეული პარტიების შესვლით პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ მიენიჭება, “ქართული ოცნების” აზრით, კი უახლოეს პერიოდში სასესიო  დარბაზში  კიდევ არაერთი ოპოზიციონერი იჯდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები