მორიგი საპროტესტო აქცია ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად | 08.02.2021

საპროტესტო აქცია ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად. ოკუპანტების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის  გათავისუფლების მოთხოვნით,  რუსეთის საელჩოსთან ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” მივიდა.  აქციაზე შეკრებილები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ  და ზაზა გახელაძესთან ერთად, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების დასახსნელად  დროულ და ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ.  წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო აქტივისტები  კიდევ უფრო  მასშტაბურ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საზღვრის  კვეთის ბრალდებით, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა გასულ კვირას  მიუსაჯა. ხელისუფლებას უყურადღებობაში ოჯახიც  ადანაშაულებს და ქართულ მხარეს გახელაძის გათავისუფლებისთვის აქტიურ მუშაობას სთხოვს.