დგას თუ არა პატრიარქის გადაყენების საკითხი – საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომისთვის ემზადება | 08.02.2021

დგას თუ არა დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენების საკითხი. საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომისთვის ემზადება. სხდომამდე 3 დღით ადრე, რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ  11 თებერვალს,  მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, სწორედ პატრიარქის  ილია მეორის ტახტიდან გადაყენებას განიხილავენ. ამბობენ,რომ  საპატრიარქოში რუსული გავლენები ძლიერდება, რის გამოც  ილია მეორის გადაყენება და მეუფე შიოს დაჩქარებული წესით აღსაყდრებაა დაგეგმილი. რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია მოუწოდებს  მიტროპოლიტ შიოს, მოსაყრდის თანამდებობა დატოვოს.

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციაში ამბობენ,რომ პატრიარქის იძულებით გადაყენება კომპრომატების გამოყენებით მოხდება.  კომპრომატების შესახებ  ინფორმაციას ფლობს მამა ანდრია სარიაც.

როგორ დასრულდება წმინდა სინოდის სხდომა მღვდელმონაზონ ანდრია სარიას პროგნოზირება უჭირს, თუმცა ამბობს, რომ საპატრიარქოში  მიტროპოლიტი შიოს და მისი გარემოცვის გაძლიერებისთვის ყველაფერს აკეთებენ. სარია განმარტავს, რომ პატრიარქის არჩევა  რთული პროცედურაა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც პატრიარქის მდივან-რეფერანტზე, შორენა თეთრუაშვილზეა.

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის სკანდალური  განცხადება ფანტაზიად შეფასდა დღეს თავად საპატრიარქოში. პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე განცხადებას Facebook-ზე ავრცელებს და ჟურნალისტებს თხოვს, ფანტაზიებთან დაკავშირებით შეკითხვებით ნუ მიმართავენ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შესაძლოა წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყდეს, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის – მეუფე პეტრე ცაავას ეკლესიიდან განკვეთაა. ჯერ კიდევ 2019 წლის წმინდა სინოდის სხდომაზე გაკეთებული ხმაურიანი განცხადების შემდეგ, პატრიარქის ბრძანებით, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი სინანულისთვის შიო-მღვიმის მონასტერში უნდა წასულიყო, თუმცა სასულიერო პირმა პატრიარქის მოწოდება არ შეასრულა. ცაავა პოზიციას არც დღეს იცვლის.

ვიდრე სინოდი  მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხს გადაწყვეტს, რელიგიის ექსპერტთა ასოციაციისთვის, ცნობილი ხდება რომ იგეგმება მამა კირიონის დაწინაურება. თეოლოგი  ზვიად ცაბაძე ამბობს, რომ  დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი ეპისკოპოსი ხდება.

უცნობია, განიხილავს თუ არა კიდევ ერთხელ წმინდა სინოდი  დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს.  ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა პატრიარქს მოუწოდებს, დეკანოზის საქმე დროულად გადაწყიტოს.

რა შედეგით დასრულდება სინოდის სხდომა რამდენიმე დღეში გაირკვევა.  პატრიარქის მოწვევით  მაღალი იერარქიის სასულიერო პირები 11 თებერვალს შეიკრიბებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები