არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ! – ნიკა მელია პროკურატურაში დაბარებაზე | 05.02.2021

პროკურატურამ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს  ერთკვირიანი ვადა მისცა. იმ შემთხვევაში თუ  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, 40 000 ლარიან  გირაოს არ გადაიხდის, საგამოძიებო უწყება ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას მოითხოვს.

სწორედ ამ დღის გამო გაკეთებული განცხადების გამო დაეკისრა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს გირაოს გადახდის ვალდებულება. პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 1 ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ მასზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკისრებული – ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი  სამაჯური მოიხსნა, რამაც პრაქტიკულად გამორიცხა მის მიმართ კანონმდებლობით დაკისრებული, სამართლებრივად სათანადო ქცევის უზრუნველმყოფი გარანტიების არსებობა.  საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა და  გირაოს თანხა – 40 000 ლარი,  სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, არ გადაიხადა, ასევე არ უზრუნველყო გირაო  თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე პოზიციას არც ვადის ამოწურვის გასვლის შემდგომ იცვლის და ამბობს, რომ ვერ დაიჭერენ.

გადაწყვეტილება მხოლოდ პროკურატურაზე არ არის. აღკვეთის ღონისძიების  შესაცვლელად ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ხელმეორედ შეწყვეტაა საჭირო. ოპოზიციამ მათ შორის მელიამ საკანონმდებლო ორგანოს მანდატების გაუქმების მოთხოვნით დიდი ხნის წინ მიმართა, თუმცა პარლამენტს მათთვის დეპუტატის უფლებამოსილება ამ დრომდე არ შეუწყვეტია.

ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას ოპოზიცია პოლიტიკურ შანტაჟად და ანგარიშსწორების მცდელობად აფასებს. ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ზეწოლით ცდილობს ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე დაითანხმოს. მათივე შეფასებით, “ქართული ოცნება” პოლიტიკურ დევნას  იმ ოპონენტების წინაღმდეგ აგრძელებს, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმს განსკუთრებულ საფრთხეს უქმნიან.

პროკურატურის განცხადების უკან პოლიტიკურ ინტერესს გამორიცხავს მმართველი გუნდი.  ამბობენ რომ  ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია დაემორჩილოს კანონს და ამას პოლიტიკოსობასთან კაშირი არ აქვს. “ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ ნიკა მელიას ბედი მხოლოდ მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

აღმოჩნდება თუ არა საპატიმროში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე- ცნობილი ერთ კვირაში გახდება.  პროკურატურა ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად სწორედ ამ ვადას აძლევს.