ოკუპირებული ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯაეს | 05.02.2021

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. საოკუპაციო რეჟიმი გახელაძე ე.წ საზღვრის გადაკვეთას და ე.წ სამართალდამცველის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება.

ე.წ სასამართლოს განაჩენი მძიმე და მოულოდნელი აღმოჩნდა ზაზა გახელაძის ოჯახისთვის, ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას. სამინისტრო აცხადებს, რომ ეს უკანონო გადაწყეტილება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული გეგმების გამოხატულებას საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით. ფაქტს გმობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც და ამბობს, რომ უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

ოპოზიცია კი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გახელაძის დატყვევება სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია. მათი თქმით, მთავრობამ  უსაფრთხოების ნორმების მექანიზმების შექმნა ვერ შეძლო და საქართველოს მოაქალაქეები ოკუპირებული რეჟიმის პირისპირ მარტო დატოვა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია. დღევანდელ განაჩენს გასაჩივრება უკანონო ტყვეობაში მყოფ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში შეუძლია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები