ხელისუფლება, რომელმაც მის მიერ დაზარალებული ადამიანი მიატოვა – რას ამბობს მაკო გომური | 04.02.2021

20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომური ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს. გომური ამბობს, რომ უკვე 1 თვეა მისი მკურნალობის ხარჯების დაფინანსები საკითხი  გაურკვეველია, ჯანდაცვის სამინისტროსთან კი კონტაქტს ამ დრომდე ვერ ამყარებს. 20 ივნისის ერთ-ერთი დაზარალებული, რომელმაც აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, “ქართული ოცნების” გუნდს მიმართავს და ხელისუფლებისგან პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვს. მაკო გომური არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების ამგვარი პასუხი მის ხმამაღალ პროტესტს უკავშირდებოდეს.

რა ხარვეზზე საუბრობს მაკო გომური არ იცის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თუმცა თამარ გაბუნია პირობას დებს ,რომ პრობლემა უახლოეს საათებში მოგვარდება. უწყებაში ამბობენ, საჭიროების შემთხვევაში გომურთან კომუნიკაციაში გარდა შესაბამისი დეპარტამენტისა თავად მინისტრიც და მისი მოადგილეებიც ჩაერთვებიან.

მაკო გომურის მიერ სოციალურ ქსელში გახმოვანებულ პრობლემაზე დღეს განმარტებები “ქართული ოცნების” წევრებმა გააკეთეს. მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ შექმნილი ვითარება არა ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა, არამედ თავად გომურის არასწორი კომუნიკაციის დამსახურებაა.

ხელისუფლება, რომელმაც მის მიერ დაზარალებული ადამიანი მიატოვა – ასე ეხმაურებიან ოპოზიციის წევრები გომურის გუშინდელ განცხადებას და მთავრობის წევრებს პასუხისმგებლობის აღებას ურჩევენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, “ქართული ოცნების” ზრუნვა ადამიანზე მხოლოდ ფასადურია, რისი დასტურის ეს კონკრეტული მაგალითია.