არის თუ არა ოპოზიციის ბრალდებები სამართლიანი – “ოცნება” ოქტომბრის არჩევნების შესწავლას ახლა იწყებს | 04.02.2021

არჩევნებიდან 3 თვის თავზე “ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნების შესწავლას იწყებს – საგამოძიებო კომისიამ, რომელიც საქმიანობას უახლოეს დღეებში შეუდგება, უნდა დაადგინოს ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას. მმართველი გუნდის გაცხადებული პირობაა, რომ თუ კომისიამ დარღვევები მართლაც აღმოაჩინა და ცდომილებამ 1%-ს გადააჭარბა, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ კომისიის მუშაობა პასუხს  მთავარ კითხვას გასცემს – არის თუ არა ოპოზიციის ბრალდებები სამართლიანი.

საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნის იდეითაც ირაკლი კობახიძე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა, გადათვლის ხმებს და შეამოწმებს უბნებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებს. უკვე ცნობილია, რომ “ქართულ ოცნებასთან” ერთად კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან “ევროპელი სოციალისტები”, თუმცა თავს ამ დრომდე იკავებს პარტია “მოქალაქეები”. ალეკო ელისაშვილის თქმით, ის არჩევნების გამოძიებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ მასში “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი” იქნებიან.

საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ სკეპტიკურად უყურებენ ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ კომისია მხოლოდ ფორმალობაა, რისი მიზანიც დროის მაქსიმალურად გაწელვაა. ოპოზიციურ ფლანგზე ისევ დარწმუნებით ამბობენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ამას კი საგამოძიებო კომისიის დასტური არ სჭირდება.

ამ დრომდე უცნობია როდის დაიწყებს ფუნქციონირებას კომისია და პარლამენტის რამდენი წევრი ჩაერთვება არჩევნების შესწავლაში. ოპოზიციას კი ამ დრომდე სჯერა, რომ კომისია არჩევნების რალურ გამოძიებასა და სიმართლის დადგენას არ აპირებს.