დაანონსებული დაუმოჩილებლობა და ნაწილობრივ შემსუბუქებული შეზღუდვები | 04.02.2021

შაბათს დაანონსებულმა დაუმორჩილებლობის აქციამ შედეგი გამოიღო, თუმცა ნაწილობრივ. მთავრობის გადაწყვეტილებით ბიზნესების ნაწილი იხსნება. მათ შორის 15 თებერვლიდან ღია სივრცეში ფუნქციონირების საშუალება მიეცათ რესტორნებს, რომლებიც შაბათს თვითნებურად გახსნას აანონსებდნენ. პრემიერის დღევანდელი განცხადების შემდეგ კი რესტორატორების გეგმები შესაძლოა შეიცვალოს. ამბობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება დროულია, თუმცა კომენდანტის საათის და სხვა რეგულაციების გამო ბიზნესი გამართულად ფუნქციონირებას მაინც ვერ შეძლებს.

რესტორნებისგან განსხვავებით მუშაობის განახლების საშუალება ისევ არ მიეცათ ფიტნეს და ბავშვთა გასართობ ცენტრებს, რომლებიც პრემიერის მუქარის მიუხედავად შაბათს თვითნებურად გახსნას აპირებენ.  ამბობენ, რომ მთავრობამ ისინი გაკოტრებისთვის და შიმშილისთვის გაწირა, ამიტომ იბრძოლებენ იქამდე ვიდრე ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

თებერვალში გახსნის უფლება არც მთის კურორტებს მიეცათ. ტურისტული ბიზნესი ერთ-ერთია, ვინც კორონაპანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ყველაზე მეტად დააზარალა. 20-21 წლის ზამთრის სეზონი ისე სრულდება, რომ სათხილამურო კურორტებს ერთი დღეც კი არ უმუშავიათ. ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს და ეპიდემიოლოგებს კურორტების ეტაპობრივი გახსნის გეგმა ჯერ კიდევ იანვარის დასაწყისში წარუდგინეს, მისცეს დადებითი შეფასებაც, თუმცა  მთავრობისგან საბოლოო პასუხი ამ დრომდე არ აქვთ. ზამთრის კურორტები გადაწყვეტილების მისაღებად ხელისუფლებას ვადას კვირის ბოლომდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი ზომების მიღებას აპირებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით ორშაბათიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რასაც მოსახლეობა უკვე  დიდი ხანია ითხოვს.  მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ უნდა გაჩერებულიყო, ნაწილი კი თვლის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება სწორედ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა განაპირობა.

შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების და ჯარიმებთან დაკავშირებული რისკის მიუხედავად შაბათს დაგეგმილი დაუმორჩილებლობის აქცია მაინც გაიმართება. შეუერთდებიან თუ არა პროტესტს რესტრატორებიც ხვალ გაირკვევა.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები