თებერვლის ბოლოდან საქართველოში ვაქცინაცია იწყება | 03.02.2021

თებერვლის ბოლოდან ინფექციურ საავადმყოფოში ვაქცინაცია იწყება. კლინიკაში ორი მაცივარია, სადაც ვაქცინის  მინუს 80 გრადუსზე შენახვაა შესაძლებელი. ვაქცინის ძირითადი დოზები კი ლუგარის ლაბორატორიაში შეინახება. ინფექციური სააავდმყოფო 10 კლინიკადან ერთ-ერთია, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება. ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 10 ცენტრიდან 3 რეგიონშია, 7 კი – თბილისში. ჯანდაცვის მინისტრის  თქმით, უკვე არსებობს შესაბამისი  ბაზა , სადაც ყველა ის პირი აღირიცხება, ვინც ვაქცინაციას გაივლის.

საქართველო „კოვაქსიდან“ 29 ათასზე მეტ დოზა ვაქცინას თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს. აიცრება ის 15 000-მდე სამედიცინო მუშაკი, რომელთა შემთხვევაშიც ინფექციის გადატანიდან სამი თვეა გასული. პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელი მხოლოდ ჰოსპიტლებში იქნება. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფიქრობს, რომ კოვიდგადატანილ პაციენტებს გარკვეული იმუნიტეტი გააჩნიათ და მათ პრიორიტეტებში ბოლო ადგილზე უნდა გადაინაცვლონ.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ამ ეტაპზე 4,3%-ს შეადგენს.  ქვეყნის მთავარი ეპიდემილოგის  თქმით, ნარჩუნდება პოზიტიური დინამიკა, თუმცა ყველა შეზღუდვის მოხსნას ამირან გამყრელიძე ეწინააღმდეგება. ის ცხოვრების ჩვეული რიტმის მაქსიმუმ წელიწადნახევარში დაბრუნებას ვარაუდობს. განმარტავს, რომ ამისთვის  მოსახლეობის 70%-ის აცრა, პირბადეების გამოყენება და ტესტირების გაგრძელებაა საჭირო.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამ ეტაპზე პრიორიტეტად ტრანსპორტის აღდგენას  და სასწავლო დაწესებულებების გახსნას ასახელებს. ტრანსპორტის გახსნის აუცილებლობაზე ინფექციონისტებიც საუბრობენ. ექიმ მაია ბუწაშვილის რეკომენდაციით,  ყველა ავტობუსს თითო კონტროლიორი უნდა ჰყავდეს, რომელიც დისტანციას და ნაკადებს გააკონტროლებს.

ბოლო 24 საათში ქვეყენაში 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და COVID-19-ს კიდევ 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა თელავის ორ და გურჯაანის ერთ-ერთი სოფლის სკოლებში. რის გამოც გურჯაანში დისტანციურ სწვალებაზე მთლიანი სკოლა გადავიდა, თელავში კი მხოლოდ ინფიცირებული მოსწავლეების კლასები.

მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მორიგ განცხადებას აკეთებს და ვაქცინის უთანასწოროდ განაწილების საკითხს ისევ აკრიტიკებს. ვაქცინაციის ფონზე, კორონავირუსის შემთხვევები ბევრ ქვეყანაში ისევ რეკორდულად მატულობს. საუდის არაბეთმა 20 ქვეყნიდან მოგზაურების შესვლა აკრძალა. რთული ეპიდსიტუაციაა პორტუგალიაშიც, სადაც ხელისუფლება არასაკმარისი სამედიცინო რესურსების გამო დახმარებას ითხოვს. ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების რიცხვი ნოემბრის შემდეგ რეკორდულად გაიზარდა საფრანგეთშიც. საკარანტინო შეზღუდვებს 2 მარტამდე ახანგრძლივებს ნიდერლანდები.