მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობას უცხადებენ | 03.02.2021

200-მდე რესტორანი მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობას უცხადებს. აკრძალვების მიუხედავად კვების ობიექტები შაბათს თვითნებურად გახსნას და მუშაობის განახლებას აანონსებენ. ამბობენ, რომ მოსალოდნელ რისკებს ითვალისწინებენ და შესაძლო დაჯარიმების მიუხედავად რესტორნების გახსნას მაინც აპირებენ. რესტორატორები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე მიიღეს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ობიეტქები სამუდამოდ დაიხურება.

რესტორნების გარდა დაუმორჩილებლობას აცხადებენ და გახსნას აპირებენ ფიტნეს და ბავშვთა გასართობი ცენტრები. ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ისინი თავად ხელისუფლებამ მიიყვანა, რომელიც გაუმართლებელ ნაბიჯებს დგამს და ბიზნესი გაკოტრებამდე მიჰყავს. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ჯარიმების დაკისრების შემთხვევაში  სოციალური აფეთქება გარდაუვალი იქნება.

დაუმორჩილებლობას უერთდებიან ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებიც. ამბობენ, რომ ბიზნესი კოტრდება, შეზღუდვების გახანგრძლივება კი უდიდესი შეცდომაა. მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ ტურისტულ ბიზნესს მთავრობა მიზანმიმართულად აკოტრებს, რათა პერსპექტიული და გაიაფებული ბიზნესი კონკრეტული ადამიანების ხელში მარტივად აღმოჩნდეს.

მთავრობა კი შეზღუდვების მოხსნას ჯერ არ აპირებს და ბიზნესის წარმომადგენლებს ემუქრება, რომ უნებართვოდ გახსნის შემთხვევაში მკაცრი ჯარიმა დაუწესდებათ. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლები რადიკალური ნაბიჯებისგან თავს შეიკავებენ და მათ მიმართ სანქციების ამოქმედება საჭირო არ გახდება.

როგორი იქნება მთავრობის პასუხი ბიზნესის დაუმორჩილებლობაზე შაბათს გახდება ცნობილი.  6 თებერვალს რესტორნები, ბავშვთა გასართობი ცენტრები და ფიტნეს დარბაზები გახსნას და სტუმრების მიღებას თვითნებურად გეგმავენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები