858 ინფიცირებული, 580 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა | 02.02.2021

858 ინფიცირებული, 580 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი – ასეთია COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა ქვეყანაში. ბოლო დღეებთან შედარებით, დღიური შემთხვევების რაოდენობა ისევ გაზრდილია. 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება საეჭვო სიმპტომების მქონე 17 271 ადამიანს ჩაუტარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციითმ უკვე მესამე კვირაა, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები კლებულობს. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია პანდემიის კონტროლის შედეგია. გასულ დღე-ღამეში მსოფლიოში COVID-19-ის 400 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 9 000-ზე მეტი პაციენტი. დღემდე გამოვლენილი ინფიცირების საერთო რაოდენობა კი 104 მილიონს აღწევს. პანდემიამ 2 250 000 ადამიანი იმსხვერპლა.

Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით,  ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 101 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 32 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, ჩინეთში – 24 მილიონზე მეტი. ევროკავშირში საერთო ჯამში ვაქცინაცია 12 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მოსახლეობის ნახევრზე მეტია აცრილი ისრაელში. ვაქცინაცია ისრაელის შემდეგ სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.