მინიმალური ხელფასის ოდენობით საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა | 02.02.2021

მინიმალური ხელფასის ოდენობით საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა. სტატისტიკას ქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მკვლევარები ავრცელებენ. ირკვევა, რომ 2019 წელს საქართველოში-თვეში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი – 23 526 ადამიანს ჰქონდა, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი – 126 ათასზე მეტ დასაქმებულს. კორონაპნდემიის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, სავარუდოა, რომ ეს მაჩვენებელი, ისევე როგორც უმუშევრობა-2021 წელს კიდევ უფრო გაუარესდება. თუმცა პროფკავშირების მკვლევარები პრობლემას კანონმდებლობაში ხედავენ. ამბობენ, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ოდენობა განსაზღვრული არ არის, რაც დამსაქმებელს საშუალება აძლევს მუშახელი მონურ პირბებში ამუშაოს.

ქვეყნის  მოსახლეობის უმრავლესობა მინიმალური ხელფასის დადგენას მხარს უჭერს. ამ თემაზე 2020 წელს ჩატარებული ბოლო  კვლევით, გამოკითხული რესპოდენტების 48%  მინიმალური ხელფასის დადგენას მიესალმება, თუმცა საქართველოში ეფექტური მინიმალური ხელფასის დაწესებას ამ დრომდე ხელისუფლებაში მყოფი ყველა საპარლამენტო უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა. საკანონმდებლო ინიციატივით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას გასულ წელს  პროფკავშირების გაერთიანებამ მიმართა, თუმცა პარლამენტმა კანონპროექტი ბიზნესის ზეწოლის არგუმენტით, არ განიხილა.

მინიმალური ხელფასის დადგენას ხელისუფლებისგან,  წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი – ბექა ნაცვლიშვილიც ითხოვდა, რომელსაც შესაბამისი კანონპროექტი მომზადებული ჰქონდა.  ამბობს, რომ წლებია ინიციატივას ხელს, მსხვილი ბიზნესი უშლის. ნაცვლიშვილი ვარაუდობს, რომ მინიმალური ხელფასის დადგენის შემთხვევაში, კორონაპანდემიით შექმნილ კრიზისს მოსახლეობის დიდი ნაწილი შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანდა.

აპირებს თუ არა პარლამენტი, მინიმალური ხელფასის დადგენაზე მუშაობას- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს მმართველი პარტიის ლიდერებმა არ ისურვეს. “ქართული ოცნების” გაცხადებული პოზიცია ასეთია – მინიმალური ხელფასის ოდენობა საზრუნავია, თუმცა არა ასე პირდაპირ და მხოლოდ ციფრებში.

მინიმალური ხელფასი დადგენილია როგორც მეზობელი ქვეყნების უმრავლესობაში ისე აღმოსავლეთ ევროპისა თითქმის ყველა სახელმწიფოში. მეზობელ აზერბაიჯანში მინიმალური ხელფასი  146 $-ია, სომხეთში – 143$, ხოლო თურქეთში  – 400$.