მორიგი ბრალდებები დავით გარეჯის ირგვლივ – „ოცნება“ ოპოზიციას მოღალატეობრივ განზრახვაში ადანაშაულებს | 01.02.2021

მორიგი ბრალდებები დავით გარეჯის ირგვლივ. “ქართული ოცნება” ოპოზიციას მოღალატეობრივ განზრახვაში ადანაშაულებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კრიტიკას ის იწვევს, რომ  ოპონენტები ქართულ საზოგადოებას ხელაღებით უმტკიცებენ, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის. მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენის პროცესი არ დასრულებულა, მსგავსი განცხადებები, შესაძლოა საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მტკიცებულებად იქნეს წარმოდგენილი.

“ქართული ოცნების” ბრალდებებს  არ იზიარებს ოპოზიცია. ამბობენ, რომ დავით გარეჯის საქმე მთლიანად პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

ე.წ. დავით გარეჯის საქმეს ამ ეტაპზე ორი ბრალდებული ჰყავს.  ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომელთაც პროკურატურა საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებს ედავება, სხდომათა დარბაზიდან ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ  გათავისუფლდნენ.   სასამართლომ თითოეულ  მათგანს 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. კარტოგრაფების ადვოკატები გირაოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. მოულოდნელი გადაწყვეტიების შემდეგ, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ციხეში დაბრუნება შესაძლოა უახლოეს პერიოდში ისევ მოუხდეთ. პროკურტურის ინფორმაციით, სახეზეა  მძიმე დანაშაული, რომელიც  10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პარალელურად საგამოძიებო უწყება არ გამორიცხავს, გახმაურებულ საქმეზე, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.