ერთი დღე ოპოზიციური მანდატების გაუქმებამდე და „გირჩის“ თხოვნა „ოცნებას“ | 01.02.2021

ერთი დღე 51 მანდატის გაუქმებამდე – საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე “ქართული ოცნების” გუნდი იმ დეპუტატების უფლებამოსილების გაუქმების საკითხზე იმსჯელებს, რომლებიც უკვე მესამე თვეა არჩევნების შედეგებს სრულ ბოიკოტს უცხადებენ. ღია პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე მმართველ გუნდს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” თხოვნით მიმართავს და მოუწოდებს, გადაავადონ მანდატების გაუქმების პროცესი, მანამ სანამ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი არ დასრულდება.

“გირჩის” მიერ “ქართული ოცნებისადმი” გაგზავნილი ღია წერილი სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს მწვავედ გააკრიტიკეს და კოლეგებს მეტი პრინციპულობისკენ მოუწოდეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ “გირჩის” ლიდერებს პარლამენტში შესვლა სურთ, ამისათვის კი ყველაზე ოპტიმალურ გზას ეძებენ. ოპოზიციაში დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ “ოცნების” პარლამენტმა მათი განცხადებების შესაბამისად მანდატები უნდა გააუქმოს, რადგან გადაწყვეტილების შეცვლას ისევ არ აპირებენ.

რა გზით წავა “ქართული ოცნება” და ჩააგდებს თუ არა კენჭისყრაზე ოპოზიციონერი კოლეგებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს – ოპოზიციაში ახლა ყველა სცენარს განიხილავენ, თუმცა დარწმუნებით ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან არსებითი კომპრომისის არ არსებობის შემთხვევაში, საპარლამენტო მუშაობას არ შეუერთდებიან.

მანდატების გაუქმებამდე ერთი დღით ადრე კი “ქართული ოცნება” ჯერ ისევ არ არის შეჯერებული, როგორი იქნება მათი მოქმედების გეგმა. პარტიის ერთ-ერთმა ახალმა სახემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, სტატუსი მხოლოდ ოპოზიციონერთა ნაწილს შეუჩერდეს, ან საკითხი სულაც ჩავარდეს.

ხვალიდნელი სხდომა გარდა მისი შინაარსისა, გამორჩეული იმითაც იქნება, რომ მას პირველად დაესწრება პარტია “მოქალაქეების” ორივე ლიდერი. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი სავარძლების დასაკავებლად უკვე ემზადებიან, თუმცა დაუჭერენ თუ არა მხარს კოლეგების უფლებამოსილებს შეწყვეტის საკითხს – ეს ჯერ უცნობია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები