არის თუ არა კარტოგრაფების გათავისუფლება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგი | 29.01.2021

დაბრუნდებიან თუ არა საკანში ე.წ. კარტოგრაფები – 4 თვიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ, გახმაურებული საქმის ბრალდებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას გარეთ დაელოდებიან. პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ივერი მელაშვილი თავს კვლავ უდანაშაულოდ მიიჩნევს.  ბრალდებულები უნდობლობას უცხადებენ საქმის მთავარ მტკიცებულებას და განმარტავენ, რომ 200 – ათასიანი მასშტაბის რუკაზე დაყრდნობა არ შეიძლება, რადგან ის მთლიანად მცდარია.

გათავისუფლების შემდეგ გაკეთებული ერთი ბუნდოვანი განცხადების შემდეგ, ივერი მელაშვილს დამატებითი განმარტების გაკეთება მოუხდა. კარტოგრაფი აღნიშნავდა, რომ დავით გარეჯის ტერიტორიის ნაწილი შეუთანხმებელია.  მელაშვილი განმარტავს, რომ ერთია სახელმწიფო ინტერესები,  მეორე კი  მისი მიღწევის სამართლებრივი გზები. მელაშვილი ამბობს, რომ მის ნათქვამს ინტერპრეტაცია არ უნდა მიეცეს.

არის თუ არა კარტოგრაფების გათავისუფლება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგი – ამაზე თავად ივერი მელაშვილი ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ არ სურს, პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტი იყოს. ბრალდებული კარტოგრაფის მეუღლე კი დარწმუნებულია, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, პოლიტიკური მოტივით გათავისუფლდნენ.

პოლიტიკურ მოტივს არც ადვოკატი გამორიცხავს. ედუარდ მარიკაშვილის განმარტებით დაცვის მხარე შეეცდება, სასამართლო პროცესებზე დაამტკიცოს, რომ პროკურატურის ბრალდება აბსურდულია და  დანაშაულის არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს. ადვოკატი გირაოს თანხის, ასევე, მელაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომელთაც პროკურატურა საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებს ედავება, სხდომათა დარბაზიდან გუშინ  გათავისუფლდნენ. სასამართლომ თითოეულ  მათგანს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციასთან.  მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სრულად დასაფარად სამოქალაქო ორგანიზაცია “სირცხვილიას” ანგარიშზე 40 000 ლარი 2 საათში შეგროვდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები