ივანიშვილის გუნდს მანდატებით ვაჭრობა არ გამოუვა – ოპოზიციის პასუხი “ოცნებას” | 28.01.2021

რამდენიმე დღე საპარლამენტო მანდატების გაუქმებამდე და მორიგი მოწოდება ოპოზიციას – საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე “ქართული ოცნების” გუნდი ოპონენტებს ისევ პარლამენტში იხმობს და აანონსებს კიდეც, რომ უახლოეს პერიოდში ცარიელი სავარძლები შეივსება. ვისგან აქვს მიღებული ოცნების გუნდს პარლამენტში შესვლაზე გარანტია-მთავარმა კანონმდებელმა  ეს დღეს არ თქვა.

“ქართული ოცნების” თავდაჯერებული მოწოდებები ისევ გაუგებარია ოპოზიციისთვის. ხელისუიფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით უცვლელია. ამბობენ, რომ გაერთიანებულ  ოპოზიციას, ერთიანი ძალებით,  ხელისუფლების იძულება შეუძლია, ამის დასტური კი დღეს კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურის შეცვლილი პოზიციაა.

რა ბედი ელის დიალოგის მეხუთე რაუნდს თუ “ქართულმა ოცნებამ” ოპონენტების მანდატები მორიგ შეხვედრამდე გააუქმა. ოპოზიციის ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისი უფრო გამწვავდება და შეთანხმების შანსებიც განულდება, თუმცა ივანიშვილის გუნდს მანდატებით ვაჭრობა არ გამოუვა.

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის პოვნა რომ უკვე დაგვიანებულია, ამაზე ექსპერტების ნაწილიც თანხმდება. ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში “ოცნება” უკან არ დაიხევს და არც ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ღია გზავნილი იქნება, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს.

სწორედ პოლიტიკურ შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული ის პროცესები, რომელიც გაზაფხულზე ქვეყანაში განვითარდება. ოპოზიცია აანონსებს, რომ თუ საზოგადოებაში პროტესტის საკმარისი მუხტი იქნება, ისინი მასშტაბურ ქუჩის გამოსვლებს დაიწყებენ. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი კი ახლა იმ 51 დეპუტატისთვის მანდატების გაუქმებას აპირებს, რომლებიც “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტს არჩევნებიდან 3 თვის შემდეგაც  ბოიკოტს უცხადებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები