საქართველოს მთავრობა პირველი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნას არ აპირებს | 26.01.2021

გაკოტრების პირას მყოფი ბიზნესსექტორის მოთხოვნის მიუხედავად საქართველოს მთავრობა 1 თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნას არ აპირებს. ბიზნესის წარმომადგენლების ბრალდებებს პრემიერ-მინისტრი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოეხმაურა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის სრულად გახსნა ინფიცირების სწრაფად გავრცელებას გამოიწვევს, რაც ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო დააზარალებს. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ბიზნესი, მუნიციპალური ტრანსპორტი და სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება.

როგორც ირკვევა დადებითობის 4%-იანი მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია იმ გადაწყვეტილების მისაღებად რომელსაც ბიზნესი უკვე თვეებია ელოდება. ჯანდაცვის მინისტრიც და ეპიდემიოლოგებიც ამბობენ, რომ დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში მკაცრი შეზღუდვები მას შემდეგ მოიხსნება რაც 14 დღის განმავლობაში ინფიცირების დინამიკა 4%-მდე შენარჩუნდება. მათი თქმით ქვეყანაში ინფექციის გავრცელების დინამიკა სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა არსებული სტატისტიკა შეზღუდვების მოხსნისთვის საკმარისი არ არის.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას ჯანდაცვის გუნდთან ერთად მთავრობის ეკონომიკური გუნდის და პარლამენტის წევრებიც ესწრებოდნენ.  საკანონმდებლო ორგანოს წარმოამდგენლებიც ვარაუდობენ, რომ  ეკონომიკის სრულად გახსნა  ეპიდვითარების გართულებას და  მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესების საჭიროებას გამოიწვევს.

17 349 ჩატარებული ტესტიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 2 დღეა საქართველოში გავრცელების მაჩვენებელმა იკლო თუმცა ისევ მაღალი რჩება გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო 24 საათში COVID-19-ს კიდევ 25 ადამიანი ემსხვერპლა, რითიც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3096-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 1050-მა პირმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 244 446 გახდა.

კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა ციხეებშიც. იუსტიციის მინისტრის ინფორმააციით ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ჯამში უკვე 10 პენიტენციური დაწესებულება შემოწმდა. ჩატარებული 6654 PCR ტესტიდან კი კორონავირუსი 113 პატიმარს დაუდასტურდა.

საქართველოს ჯანდაცვის უწყება კორონავირუსის ვაქცინას თებერვლის ბოლოს ელოდება. მინისტრის განცხადებით პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან, შემდეგ კი პრიორიტეტი ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს მიენიჭებათ. ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ ქვეყანაში მხოლოდ ის ვაქცინა შემოვა რომლის მიმართაც მოსახლეობის მაღალი ნდობა იქნება.  მინისტრის ინფორმაციით, ადამიანების რაოდენობა, რომელიც კოვიდვაქცინის გასაკეთებლად მზადაა 50-დან 60%-მდე მერყეობს.

ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაახლოებით წელიწადნახევარში დაუბრუნდება. პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა კი მოსახლეობის ვაქცინაციაზე გადის.