რას ამბობს ხალხი – NDI-ის მორიგი კვლევა | 25.01.2021

ჩაკეტილი საზღვრების, გაჩერებული ბიზნესისა და მკაცრი რეგულაციების ფონზე მოსახლეობის განწყობების შესახებ ვრცელ კვლევას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი აქვეყნებს.

რა პრობლემები აწუხებს ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობას – წინა წლების მსგავსად, მოსახლეობის 72%-სთვის ვითარება არ შეცვლილა და მთავარი პრობლემა ეკონომიკური ვითარებაა. პროლემებს დაემატა კორონავირუსიც, რომელიც მოსახლეობის  16%-ს აწუხებს.

მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ამბობს, რომ უმუშევარია, რაც 2020 წლის აგვისტოს კვლევის შედეგებს ემთხვევა. მაშინ ეს მაჩვენებელი შვიდი პროცენტით გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენას უკავშირდება. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით ეკონომიკურად უკეთესად არის, 32%-მა თქვა, რომ უარესად არის, ხოლო 45% ფიქრობს, რომ მათი სიტუაცია  უცვლელი დარჩა.

კორონაპანდემიის ფონზე, მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევად, წამლების საფასურს ასახელებს. გამოკითხული მოსახლეობის 46% ამბობს, რომ მედიკამენტები ძვირია.

გამოკითხული მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის. თუმცა, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41%) ამბობს,რომ კორონავირუსის აცრისგან თავს შეიკავებს. ვაქცინაციის მომხრეა გამოკითხულთა ასევე 41%.

გამოკითხული  მოსახლეობის 60% თვლის, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტურად გაუმკლავდა. 33% კი ამბობს, რომ მთავრობა პანდემიას ცუდად გაუმკლავდა. ეს მონაცემები სავარაუდოდ მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქმიანობის დადებით შეფასებაზე აისახა. გამოკითხული მოსახლეობის 18% გიორგი გახარიას საქმიანობას ძალიან კარგად, 28% კი კარგად აფასებს. პრემიერის საქმიანობა ცუდად შეაფასა 13%-მა.

რაც შეეხება ცესკოს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას, გამოკითხულთა  22% ცუდად აფასებს, 21% კი ცესკოს საქმიანობით კმაყოფილია. რაც შეეხება პრეზიდენტს, მისი საქმიანიბა ცუდად შეაფასა 23%, ხოლო კარგად 12%-მა.

ოპოზიციის ლიდერების მხირდან მანდატებზე უარის თქმისა და საპარლამენტო ბოიკოტის ფონზე, ენდიაის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 76% თვლის, რომ პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართულობაა მნიშვნელოვანი. გამოკითხვის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის შეფასება გაუმჯობესდა: მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა კარგად (15%) ან საშუალოდ (36%) შეაფასა, რაც 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს ეჭვი ეპარებათ, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოაგვარებს

NDI-ის კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ნაწილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველ პარტიას აქვს. გამოკითხულთა 31% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 25%-მა განაცხადა, რომ არც ერთი. პასუხზე უარი თქვა 24%-მა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა ხუთმა პროცენტმა. სხვა პარტიებს ასახელებს გამოკითხულთა ცხრა%.

რაც შეეხება კითხვას, ქვეყანა როგორი მიმართულებით ვითარდება, 38% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 32% ამ კითხვაზე პასუხობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ს კი მიაჩნია, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.NDI კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არის, 42%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის. 12 %-მა კი ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1%. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.