“გაკოტრების პირას მყოფი ბიზნესი ხელისუფლებამ დღევანდელი გადაწყვეტილებით მოკლა | 22.01.2021

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვწტილებას ბიზნეს სექტორის უკმაყოფილება მოყვა.  სარესტორნო ბიზნესი 1 თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნას ელოდა, თუმცა ამ სექტორისთვის ვითარება უცვლელი რჩება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება რესტორატორთა ასოციაციისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ისედაც გაკოტრების პირას მყოფი ბიზნესი, ხელისუფლებამ დღევანდელი გადაწყვეტილებით მოკლა.  სექტორში დასაქმებული ათი ათასობით  ადამიანის ბედი კი გაურკვეველი დატოვა.

კორონაპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების თებერვლიდან შემსუბუქება რესტორნების მსგავსად  არ შეეხოთ სამთო სათხილამურო კურორტებსაც. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია,  რატომ არ შეიძლება გაიხსნას გარკვეული რეგულაციების დაცვით ზამთრის კურორტები, მაშინ როცა  ღია ბაზრობები და  სავაჭრო ცენტრები იხნება. ამბობენ რომ  სექტორი კოტრდება, მთავრობას კი ბიზნესის გადარჩენის ელემენტარული გეგმაც არ აქვს.

ტურისტულ ბიზნესთან შედარებით გაუმართლათ სავაჭრო ობიექტებს. 1 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და მოლები, თუმცა ამის მიუხედვად, სექტორის  წარმომადგენლები  შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს ვერ ხედავენ და  ფიქრობენ, რომ   გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპოეტისა და კომენდანტის საათის ფონზე, მოლების გახსნას აზრი არ აქვს.

სავაჭრო ცენტრები იხსნება, თუმცა მოქალაქეები სასურველ მაღაზიებამდე მისვლას  საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ შეძლებენ. მთავრობის გადაწყვეტილებას,  პირველ მარტამდე გახანგრძლივდეს შეზღუდვა მუნიციპალურ ტრანსპორტზე, დისკირმინაციულს უწოდებს სატრანსპორტო ფედერაციის თავმჯდომარე. დავით მესხიშვილი  ფიქრობს, რომ იმ  ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ავტომობილები არ ჰყავთ მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ჩაგრავს.

კორონაპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე უკვე არაერთი ბიზნესი გაკოტრდა. სამსახურის გარეშე კი ათიათასობით ადამიანი დარჩა. რა ელის  სექტორს, რომელმაც გაჩერებული ეკონომიკა უნდა აამუშაოს უცნობია. დაკეტილი ბიზნესი თებერვლიდან გახსნას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ გადარჩენას ვეღარ შეძლებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები