ალეკო ელისაშვილმა პოზიციების გასარკვევად მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასთან ინდივიდუალურად დაიწყო | 22.01.2021

ალეკო ელისაშვილმა პოზიციების გასარკვევად მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალურად დაიწყო. პარტია “მოქალაქეების” ლიდერის და მისი თანაგუნდელის, ლევან იოსელიანის, პირველი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ელისაშვილს კი სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხზე ფიქრისთვის საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ერთი კვირა აქვს.  პოლიტპატიმრების თემა, საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც ელისაშვილმა და  იოსელიანმა არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან განიხილეს. თუმცა როგორც გაირკვა დღეს მხოლოდ პოზიციები შეჯერდა და რაიმე სახის შედეგზე საუბარი არ ყოფილა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ელისაშვილმა განაცხადა, ხელისუფლების პოზიცია პოლიტპატიმრების თაობაზე უცვლელლია და მმართველი გუნდი პოლიტ პატიმრების არსებობას საერთოდ არ აღიარებს. მიუხედავა იმისა, რომ პოლიტპატირმების საკითხი, ელისაშვილის მტკიცებით, მათთვის პრინციპულია და ხელისუფლება ამ მიმართულებით პოზიციებს არ ცვლის, პარტია “მოქალაქეების” ლიდერები “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრების გაგრძლებას მაინც აპირებენ. ლევან იოსელიანის განცხადებით, ასევე შეუთანხმებელია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული, მათთვის პრინციპული დეტალები.

შეხვედრის შემდეგ “ქართულ ოცნებაში” შთაბეჭდილება დარჩათ, რომ საკანონმდებლო ორგანოში პარტია მოქალაქეებს იხილავენ. პარლამენტის თავმჯდომარეს ამ ვარაუდის საფუძველს  საარჩევნო რეფორმაზე დაახლოებული პოზიციები აძლევს. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის დაწევის საკითხი და არჩევნების პროცესში ტექნოლოგიების და სხვა რეგულაციების დანერგვა განიხილება. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, თალაკვაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ მხრიდან ეს საკითხი მოლაპარაკებებში არ განიხილება.

დანარჩენი ოპოზიცია პარტია “მოქალაქეებს” მათთან მოლაპარაკების მაგიდაზე აღარ განიხილავს. ამბობენ, რომ მათი პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიციებზე გავლენას ვერ მოახდენს. ხელისუფლების ოპონენტები “ქართულ ოცნებას” მხოლოდ ელჩების თანდასწრებით მაშინ შეხვდებიან, როდესაც ხელისუფლება კომპრომისისთვის მზად იქნება. ოპოზიციური პარტიებისთვის პარლამენტში შესვლის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში დადგება.

ალეკო ელისაშვილმა “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრისთვის მზადყოფნა გუშინ გამოთქვა. მანამდე კი “მოქალაქეების” ლიდერები დანარჩენ ოპოზიციას გაემიჯნენ და არაერთი ბრალდებაც წაუყენეს, მათ შორის ელისაშვილმა,  “ევროპული საქართველოს” ლიდერები  “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკების ჩაშლაში დაადანაშაულა. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ელისაშვილი ამ განცხადებებით “ქართული ოცნების” დაკვეთას ასრულებს და პარლამენტში შესვლა სურს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები