12-წლიანი გამოძიების შემდეგ ევროსასამართლომ ოკუპანტი რუსეთი აგვისტოს ომის საქმეზე დამნაშავედ ცნო | 21.01.2021

ისტორიული გამარჯვება მოპოვებულია –  ადამიანის უფლებათა სასამართლომ 12 წლიანი გამოძიების შემდეგ ოკუპანტი რუსეთი აგვისტოს ომის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითქმის ყველა ბრალდებაში გაამტყუნა. ქართული მხარე ევროპულ სასამართლოში 8 მუხლით დაობდა, საიდანაც 6 მათგანი დაკმაყოფილდა. ესენია:  სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემის, საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა. გადაწყვეტილება 17-მა ევროპელმა მოსამართლემ მიიღო.

ევროპული სასამართლოს მიერ ხანგძლივი მოკვლევის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება ამიერიდან ის ოფიციალური დოკუმენტი იქნება, რომლითაც ქართული მხარე უკვე ხმამაღლა იტყვის, რომ 2008 წლის ომში რუსეთმა ადამიანის უფლებები უხეშად დაარღვია. სასამართლოს დიდი პალატის მიერ დღეს გამოტანილ განაჩენს ეხმაურება იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანიც, რომელიც საქართველოს ინტერესებს ამ საქმეზე 8 წლის განმავლობაში იცავდა. მისი თქმით, მოპოვებული გამარჯვება დამსახურებულია.

საქართველოს საერთაშორისო დავაში გამარჯვებას ულოცავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ ომის დაწყებაში სწორედ ჩვენს ქვეყანას ადანაშაულებდა. ზურაბიშვილი ამბობს, ეს დიდი მიღწევა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანის დამსახურებაა. ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილესბითვის მადლობას უხდიან წინა ხელისუფლების წევრებიც და ამბობენ, რომ დანაშაული, რომელიც პუტუნის რუსეთმა ჩვენი ქვეყნის წინაშე ჩაიდინა, საბოლოოდ დამტკიცდა. მათივე თქმით, ახლა აუცილებელია ყველა ზომა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ რუსეთმა პასუხი სრული სიმკაცრით აგოს.

ახლა მთავარი კითხვაა, როგორ აგებს პასუხს რუსეთი ჩადენილ დანაშაულზე და სასჯელის რა ზომა დაეკისრება ოკუპანტ ქვეყანას – კომპენსაციის ოდენობაზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს, თუმცა ყველა თანმხება, რომ აქ მთავარი ფაქტის სამართლებრივი შეფასებაა. ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც ევროპულმა სასამართლომ რუსეთი გაამტყუნა. 2006 წელს რუსეთიდან ქართველების გამოძევების საქმეზე რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დაევალა.