ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნული გეგმა დამტკიცებულია – ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში | 21.01.2021

ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნული გეგმა დამტკიცებულია. წლის ბოლომდე საქართველოში მოქალაქეების მინიმუმ 60% უნდა აიცრას. პირველ ეტაპზე აიცრება მედპერსონალი, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და 75 წელს ზევით ხანდაზმულები. მთავრობის მეთაურის მტკიცებით, საქართველოში მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა. გეგმა კოვაქს პლატფორმაში უკვე გადაგზავნილია და ქვეყანა პასუხს თვის ბოლომდე ელოდება. პირველ ეტაპზე “ფაიზერის” ვაქცინა შემოვა, შემდეგი ეტაპებისთვის “ასტრაზენეკა” და მოდერნა განიხილება. მთავრობას 700 000 ადამაინის ასაცრელად საჭირო დოზის თანხა უკვე გადახდილი აქვს. გეგმის მიხედვიტ ვაქცინაცია ქვეყანაში თებერვლიდან უნდა დაიწყოს.

გეგმის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ოთხ მილიონამდე დოზა ვაქცინა დასჭირდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქვეყანაში სამივე ტიპის ვაქცინის შენახვისთვის ყველა პირობაა. თუმცა მინუს 80 გრადუსზე შესანახი ვაქცინით აცრა მხოლოდ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდ საავადმყოფოებში ჩატარდება. წლის პირველ კვარტალში აიცრება ჯანდაცვის 46 000 მუშაკი, ამ ჯგუფის სამიზნე მოსახლეობა ჯამურად 71 000-ია. თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდვაქცინის გვერდით მოვლენებზე დეტალური და მკაცრი მონიტორინგი დაწესდება.

ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლამდე კი კოვიდსტატისტიკა ისევ მზარდია. გუშინდელთან შედარებით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგებულია. თუმცა ასევე ორმაგი რეოდენობის ტესტი ჩატარდა. გასულ დღე-ღამეში გატესტილი საეჭვო სიმპტომების მქონე 17 000-ზე მეტი ადამიანიდან დადებითი 1137 აღმოჩნდა. COVID-19-ს კი კიდევ 11 პაციენტი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ დედაქალაქში ფიქსირდება. ბოლო დღე-ღამეში კოვიდინფექცია 1179-მა ადამიანმა დაამარცხა. ჯანდაცვის მინისტრის  ინფორმაციით, კორონაპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ნაწილზე საკოორდინაციო საბჭოს უკვე მსჯელობს და  გადაწყვეტილებები ამ კვირაში გახდება ცნობილი.

97 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 2მილიონ 85 000 გარდაცვლილი – ასეთია მსოფლიო კოვიდსტატისტიკა ბოლო მონაცემებით. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ისევ შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია. ლონდონში, კოვიდინფიცირებული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებად ავტობუსები გადააკეთეს. მასში სკამების უმეტესობა ამოღებულია და თითოეულის საშუალებით ერთდროულად 4 პაციენტის გადაყვანაა შესაძლებელი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ პანიკა საჭირო არაა, ვინაიდან ვაქცინას სურვილის შემთხვევაში ყველა ქვეყანა მიიღებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა 50-მდე ქვეყანამ დაიწყო და აქედან 40 მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები