COVID-19-ის გართულებები მცირეწლოვნებში. პანდემიით ქვეყანაში კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა | 20.01.2021

COVID-19-ის გართულებები მცირეწლოვნებში – მულტისისტემური ანთებითი სინდრომი საქართველოში 60 მდე ბავშვს უკვე გამოუვლინდა, 12 მკურნალობას იაშვილის კლინიკაში განაგრძობს. მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთასებული. ეს არის კოროანვირუსის გართულება, რომელიც ექიმების განმარტებით, ლეტალობის მაჩვენებლით არ ხასიათდება, თუმცა ჰოსპიტალიზაციას მაინც საჭიროებს. სინდრომი კოვიდ გადატანილ 6-დან 11 წლამდე ბავშვებს ინფექციის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ უვლინდებათ. მაღალი ტემპერატურა, ტანზე გამონაყარი, ღებინება და დიარეა – ეს ის სიმპტომებია, როემლთა გამოვლენის შემთხვევაში მშობლებმა სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართონ. სპეციალისტების თქმით, მდგომარეობა ჯერჯერობით საგანგაშო არ არის. მათივე ინფორმაციით, იგეგმება ცვლილებები სინდრომის მართვის პროტოკოლში და ის ჯანდაცვის სამინისტროს სავარაუდოდ დღეს წარედგინება.

ბოლო 24 საათში კი ქვეყანაში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 249 934-ს აღწევს. COVID-19-ისგან კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. სულ 2987 ადამიანია დაღუპული.  რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 1792 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 236 922-ს აღწევს.

97 მილიონამდე ინფიცირებული და 2 მილიონზე მეტი გარდაცვლილი – ასეთია მსოფლიოს კოვიდსტატისტიკა ბოლო მონაცემბით. ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და ბრაზილიაში ფიქსირდება. აშშ-ში გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 400 000-ს აჭარბებს. მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, ქვეყნების უმრავლესობა რეგულაციებს ახანგრძლივებს. გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნის რეჟიმი 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა. კერძო სახლებსა და ბინებში მხოლოდ ერთი სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო ხდება სამედიცინო პირბადის ტარება. გაზრდილი ინფიცირების მაჩვნებლის გამო კარანტინის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა ისრაელმაც.