ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალდება პროკურატურამ დააზუსტა | 20.01.2021

გახმაურებული საქმის პროკურორის ინფორმაციით,  დააკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი დანაშაულის მოტივი გახდა. როგორც მიხეილ სადრაძე განმარტავს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. პროკურორის თქმითვე, საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომლის დემონსტრირებასაც საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.

ვის დავალებას ასრულებდნენ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, ეს არც საქმის კიდევ ერთ პროკურორს დაუკონკრეტებია. ქალთა პენიტენციურ დაწესებულებასთან,  სამოქალაქო აქტივისტები გიორგი მუჯირს სასტვენებითა და შეძახილებით   დახვდნენ.

ბრალის დაზუსტების შმედეგაც, გახმაურებული საქმის ბრალდებულთა ადვოკატების პოზიცია უცვლელია. იურისტების შეფასებით, პროკურატურისა და სახელმწიფოს მიზანი თავიდანვე, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვება იყო.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეს,აქტიურ მონიტორინგს უწევს  სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას განმარტებით, ომბუდსმენის აპარატი გახმაურებული საქმის შეფასებას, გამოძიების საბოლოო დასრულების შემდეგ გააკეთებს.

საქართველოს მიწების გასხვისების ბრალდებით დააკავებულ  პირებს ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს, ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურის ინფორმაციით,  წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება. მთავარ საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ  საქმეზე ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.