ელისაშვილი, “ევროპული საქართველოსა” და ვაშაძის შემდეგ, უკვე მამუკა ხაზარაძეს დაუპირისპირდა | 20.01.2021

შეინარჩუნებს თუ არა ოპოზიცია ერთიანობას და გაიზრდება თუ არაა დაპისპირებული პარტიების წრე -კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ალეკო ელისაშვილი, “ევროპული საქართველოსა” და გიორგი ვაშაძის შემდეგ, უკვე მამუკა ხაზარაძეს დაუპირისპირდა. ინციდენტი გუშინ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში მოხდა. ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის შიდა საუბრების გარეთ გამოტანის გამო გააკრიტიკა და მას  “ქართული ოცნების” დავალების შემსრულებელი უწოდა. თავად ელისაშვილმა კი თქვა, რომ პარტია “ლელოს” ლიდერები ოცნებასთან მოლაპარაკებებზე ჩუმ-ჩუმად დადიან.

გუშინ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი მამუკა ხაზარაძემ სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა. პარტია “ლელოს” ლიდერი განმარტავს, რომ პოლიტიკა იქამდე იქნება ბინძური ვიდრე მისი ველი სიცრუის, სიტყვის გატეხვისა და ღალატისგან არ გაიწმინდება. თავად “ლელოში” კი ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების ურთიერთობას არაფერი ემუქრება და კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

“პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით,  ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ. და პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს არ დამთავრდება, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება. ერთი წელია პოლიტიკაში ვარ და მივხვდი – ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ამ ქვეყნის წინაშე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ჯერ ამ მარტივ წესებზე უნდა შეთანხმდეს და ბოლომდე დაიცვას. მე მჯერა, რომ “ლელო” ამ სტანდარტს შექმნის და დაამკვიდრებს ქართულ პოლიტიკაში,” – წერს მამუკა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძესთან მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პირველი კომენმტარი გააკეთა ალეკო ელისაშვილმაც. ის დაპირისპირების მიზეზებზე  აღარ საუბრობს და ამბობს, რომ  ოპოზიციისგან გარიყვის არ ეშინია და  თუ მისი პარტია “ქართულ ოცნებასთან” გარკვეულ  შეთანხმებას მიაღწევს, პოზიციას არ შეიცვლის და პარლამენტში შევა.

ალეკო ელისაშვილის ქმედებებს ემიჯნება, თუმცა მის პარტიასთან თანამშრომლობის შეწყვეტას არ აპირებს  გაყოფილი “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია. ამბობს, რომ  პირადმა დამოკიდებულებებმა საქმის კეთებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის დაპისპირებაზე საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს  ხელს მხოლოდ “ქართული ოცნებას” აძლევს, რათა მმართველი პარტიის ლიდერებმა უფრო ხმამაღლად თქვან, რომ ოპოზიციაში განხეთქილებაა. “ქართულ ოცნებაში” კი ფიქრობენ, რომ ოპოზიცია ერთიანი არც არასდროს ყოფილა და მათი ეს პოზიცია ყოველთვის მოჩვენებითი იყო.

ოპოზიციონერი ლიდერების დაპირისპირების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, როდის შეძლებენ დაპირისპირებული მხარეები შეკრებას და მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, კონკრეტული შედეგის მიღწევას. ცნობილია, რომ მეხუთე რაუნდი თვის ბოლოს გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიცია შეხვედრაზე კონკრეტული წინადადებით მიდის-ეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.