COVID-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა – საქართველოში ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განხილვა დაიწყო | 19.01.2021

საქართველოში ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განხილვა დაიწყო. მტავრობის მეთაურმა სპეციალური კომისიის წევრებთან ვაქცინით მოსახლეობის მოცვის ეტაპებსა და იმ სამიზნე ჯგუფებზე ისაუბრა, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, რის შემდეგაც ის საჯარო გახდება. შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველი, რომელსაც  საერთაშორისო და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ აქვს. ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველი უშუალოდ იყო ჩართული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, მთავრობის წევრებთან ერთად, 80-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი მუშაობდა. თამარ გაბუნიამ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი პირველ კვარტალში იქნება.

კოვიდსტატისტიკა  კი ქვეყანაში ისევ სტაბილურად მზარდია. გასულ დღე-ღამეში ინფიცირებულებს კიდევ 1550 პაციენტი შეემატა, ხოლო 15 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ინფექცია ბოლო დღე-ღამეში 494-მა ადამიანმა დაამარცხა, ჯამში კი განკურნებულია 235 130  ადამიანი. ყველაზე მეტი შემთხვევა კი ისევ დედაქალაქში ფიქსირდება.

122-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ აფხაზეთში. რეგიონში პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 608 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 152 პაციენტი, 8 224 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქვეყნებსა და მწარმოებლებს ვაქცინების დოზების მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო სამართლიანად განაწილებისკენ მოუწოდებს. ტედროს გებრეისუსი ამბობს,  რომ მსოფლიო COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების კუთხით “კატასტროფული ზნეობრივი მარცხის” პირასაა. მისი თქმით, დამოკიდებულება-  “პირველი მე” მსოფლიოს ღარიბ და დაუცველ ადამიანებს რისკის წინაშე აყენებს.

ბრიტანელი მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც, საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი გარდაიცვალა. კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ. მათი განმარტებით, კორონავირუსის გამო ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი უარყოფითი ზეგავლენის მიმართ განსაკუთრებულად დაუცველები 70 წელს გადაცილებულ პირები არიან.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა  უკვე 96 მილიონს გადააჭარბა. COVID-19-ის ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა ჩეხეთსა და იაპონიაში. მონაცემები მზარდია გერმანიაში, სადაც შესაძლოა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდეს.  ჩინეთში კი უკვე  მეშვიდე დღეა ახალი შემთხვევების რიცხვი 100-ს აჭარბებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები