როგორ შეიცვლება „ოცნების“ პოლიტიკა ივანიშვილის წასვლის შემდეგ – პარტია ახალი თავმჯდომარის მოლოდინში | 15.01.2021

“ქართული ოცნება” ახალი თავმჯდომარის მოლოდინშია – ხვალ პარტიის 400-მდე დელეგატი თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევს და პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს. “ქართული ოცნების” ლიდერები ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე პოლიტსაბჭოს ახალი წევრების ვინაობაზე არ საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფრომაციის ნაწილი სიმართლეს შეესაბამება.

მედიაში არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საბჭოში მის პირად კადრებს ტოვებს. პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში დიდი ალბათობით ვიხილავთ “ქართული ცონების” მთავარ იდეოლოგად წოდებულ ლაშა ნაცვლიშვილს და საზოაგდოებრივი მაუწყებლის ყოფილ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, საბჭოში ადგილი გამოინახა ეკატერინე ტიკარაძისთვისაც.

როგორ შეიცვლება “ქართული ოცნების” პოლიტიკა ივანიშვილის წასვლის შემდეგ და რა როლი ექნება ირაკლი კობახიძეს – ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ხვალინდელი სხდომა უბრალო ფორმალობა იქნება, რადგან პარტიისა და მთავრობის არაფორმალურ მმართველად ისევ ბიძინა ივანიშვილი რჩება. ოპოზიციაში იმასაც ამბობენ, რომ გავრცელებული ხმები მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირების შესახებ სიმართლეა და ის კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

როგორ გადანაწილდება თანამდებობები პარტიაში და დარჩება თუ არა პოსტის მიღმა კახა კალაძე – ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირებაზე საუბრობენ, თუმცა ეს ინფორმაცია დღეს “ქართულ ოცნებაში” კატეგორიულად უარყვეს.