რა პერსპეტივა აქვს ელისაშვილი-“გირჩის” შეთავაზებას | 15.01.2021

გახდება თუ არა თვითმართველობის არჩევნები პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლის მიზეზი – ოპოზიციის ერთი ნაწილის ინიციატივით, თუ ოქტომბერში ოპოზიცია “ქართულ ოცნებაზე” მეტ ხმას აიღებს, მმართველმა გუნდმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დანიშნოს. ალეკო ელისაშვილისა და “გირჩის” წევრის იაგო ხვიჩიას მიერ გუშინ გახმოვანებული იდეა მიუღებელი აღმოჩნდა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. ისინი მათი გეგმების გადახედვას არ აპირებენ.

შეხვედრები კოლეგებთან უკვე ჩანიშნულია, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები იდეას აქედანვე  იწუნებენ. ერთ-ერთი პირველი, ვისაც ელისაშვილი და ხვიჩია შეხვდებიან მამუკა ხაზარაძის “ლელო” იქნება. პარტიაში ამბობენ, რომ იდეის ამგვარი ფორმით გახმოვანება ოპოზიციურ ერთობას აზიანებს, ეს კი მხოლოდ ივანიშვილის გუნდს უწყობს ხელს.

რა პერსპეტივა აქვს ამ შეთავაზებას თუ ის დიალოგის მეხუთე რაუნდზე აღმოჩნდება. გარდა ოპოზიციის  ნაწილისა, მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებას არ ემხრობა “ქართული ოცნებაც”. გია ვოლსკის თქმით, ერთგვარი რეფერენდუმი საჭირო არაა, რადგან ჩატარებული არჩევნების ხარისხს პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს.

უკვე ცნობილია, რომ მეხუთე რაუნდი იანვრის ბოლომდე გაიმართება, თუმცა მივა თუ არა ოპოზიცია შეხვედრაზე შეცვლილი პირობებით, ეს მალე გახდება ცნობილი. საბოლოო რაუნდამდე კი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთპარტიულ პარლამენტში შესვლას ჯერ-ჯერობით არ აპირებენ.