“მე თუ რამე დამემართება, დედაჩემს შენ მიხედე” – ახალი გარემოება ბაჩალიაშვილის საქმეში | 15.01.2021

“ჩემო დაიკუნა, ერთი თხოვნა მექნება, მე თუ რამე დამემართება დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე. წავშლი შენ ესემესებს. არ მინდა გაიგონ რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო,” –  ეს მიმოწერა ადვოკატის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე მის მეგობართან ჰქონდა. ახალგაზრდა პროგრამისტის ოჯახის ინტერესების დამცველი ამტკიცებს, რომ გახმაურებულ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა და აუცილებელია გენერალურმა პროკურატურამ საქმის გამოძიება აღადგინოს. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ახალი მტკიცებულებით ჩანს რომ თამარ ბაჩალიაშვილი საფრთხეში იყო.

ადვოკატის მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულება და საჩივარი საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით,  უკვე ოფიციალურად გენერალურ პროკურატურაშია. ბაჩალიაშვილები ირაკლი შოთაძის უწყებას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ გახმაურებული საქმე თვითმკვლელობის მუხლით არ უნდა დასრულებულიყო.  ჯუმბერ ბაჩალიაშვილი  დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის აღდგენასაც ითხოვს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში იპოვეს.  გახმაურებული საქმე პროკურატურამ 5 თვიანი გამოძიების შემდეგ დახურა. დადგინდა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის მიმართ, დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები