სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გრძელდება | 14.01.2021

სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გრძელდება. ისინი დილიდან მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და საკუთარი უფლებების დაცვა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მუსლიმური სამლოცველოს მშენებლობას და ლოცვის უფლებას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ ქრისტიანი მოსახლეობა არ აძლევს. მუსლიმი თემის წარმომადგენლები ჩოხატაურის მერთან კიდევ ერთხელ შეხვედრას და საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტასაც ითხოვენ. მათი თქმით, მხარეებს შორის გუშინ გამართული შეხვედრა არადამაჯერებელი იყო, ამიტომ ისინი თვლიან, რომ შეთანხმება დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს.

ჩოხატაურის მერი კი აცხადებს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმება უკვე შედგა, რაც გულისხმობს იმას, რომ ბუკნარის მუსლიმ მრევლს  შეუფერხებლად ლოცვის საშუალება მიეცემა.  რაც შეეხება ბუკნარის ქრისტიან მოსახლეობას, ისინი აცხადებენ, რომ ლოცვის უფლება მუსლიმი თემის წარმომადგენლებისთვის არავის აუკრძალია. დაპირისპირება კი სოფლის მოსახლეობასთან შეუთანხმებლად მინარეთის შესაძლო მშენებლობას მოჰყვა.

მუსლიმ და ქრისტიამ მრევლს შორის დაპირისპირებას ეხმაურებიან შემოქმედის ეპარქიაში, სადაც აცხადებენ, რომ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სოფელ ბუკნარში მეუფის ლოცვა კურთხევით სასულიერო პირები იმყოფებოდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. დეკანოზი ბასილ გაგოტიშვილი ამბობს, რომ მუსლიმმა და ქრისტიანმა მრევლმა ერთად თანაცხოვრება უნდა შეძლონ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. თვლიან, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა, რასაც ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკაც ახალისებს. ამის მაგალითად არასამთავრობოებს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების მხოლოდ მართლმადიდებელი მრევლისთვის მოხსნა მოჰყავთ. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას 12 იანვარს სოფელ ბუკნარში მომხდარი ძალადობისა და რელიგიური დევნის შემთხვევებზე  ეფექტიანი გამოძიების ჩატარება უზრუნველყოს და მიიღოს ადეკვატური ზომები ძალადობის პრევენციის მიზნით.

ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც მუსლიმმა თემმა სოფელ ბუკნარში მინარეთის აშენება დაიწყო. ამას ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობს პროტესტი მოჰყვა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები