ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი – ბიძიბა ივანიშვილის ინტერვიუ | 12.01.2021

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ფონდ ქართუს გადასცა. საუბარია დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარის აქტივებზე, რომელთა შორის არის სასტუმრო პარაგრაფი, სოლოლაკის ბიზნესცენტრი, თაბორი რიზორთსი, ბანკი ქართუ და ლაგუნა ვერეს ტერიტორია. ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნების უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ გამოცემა ინტერპრენერთან ინტერვიუში ისაუბრა. ივანიშვილმა გამოცემას ინტერვიუ 9 იანვარს მისცა, თუმცა ის მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გასაჯაროვდა. ინტერვიუში ოლიგარქი ამბობს, რომ მისი და მისი მეუღლის განკარგულებაში მხოლოდ 200 მილიონი დოლარი დარჩა, შვილებს უტოვებს იმდენს რომ არ დაკარგონ მოტივაცია, დანარჩენი მილიარდნახევარი ღირებულების ქონება კი ქველმოქმედებისთვის ფონდ ქართუს გადასცა. ფორბსის ოფიციალური ინფორმაციით კი ბიძინა ივანიშვილის ქონება 4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა სად წავიდა დანარჩენი თანხები ივანიშვილი ინტერვიუში არ საუბრობს.

მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის, ერთადერთი პირობითარც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი დარგის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანმდევი დადებითი პროცესები უნდა მოჰყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში.. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო. რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებულ სხვა ბიზნესპროექტებს და ამ პროექტებში განთავსებულ, ნარჩენ კაპიტალს, როდესაც ამ აქტივებს, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, საკრედიტო თუ სხვა სახის, ბიზნეს ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი, ტვირთისგან  გამოვათავისუფლებთ, ასევე გადავცემთ საქველმოქმედო ფონდს ან უძრავი ქონების სახით, ან მოვახდენთ მის რეალიზაციას და ფულად რესურსებს მივმართავთ ფონდში. იგივე ბედი ეწევა ფერწერული ტილოების კოლექციას, რომელიც ასევე ამ ნარჩენი კაპიტალის ნაწილია.”

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები