„ივანიშვილი მოტყდა, გაიქცა“ – ოპოზიცია ოლიგარქის პოლიტიკიდან წასვლაზე და “ოცნების” მადლობა ლიდერს | 11.01.2021

დემოკრატიული განვითარება, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყო – ეს იყო დღეს ის მთავარი მესიჯბოქსი, რომლითაც “ქართული ოცნების” წევრებმა პარტიის ლიდერი პოლიტიკიდან გააცილეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობაც გადაუხადეს. ივანიშვილის ღია წერილის შემდეგ ოცნების ლიდერებმა არ დამალეს, რომ ახლა პარტია დიდი გამოწვევის წინაშეა, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ გამოწვევას  ოცნების გუნდი გაუმკლავდება.

ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას დღეს მთავრობის მეთაურიც გამოეხმაურა. გიორგი გახარაიამ ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობაზე საუბრისას – მთავარ მიღწევად  ადამიანის უფლებების დაცვა და პანდემიის დროს გაწეული მრავალმილიონიანი ფულადი დახმარება დაასახელა.

“რატომ ახლა და რატომ იგივე ფორმით” – ესაა ის მთავარი კითხვები, რომლებსაც დღეს ოპოზიციის წევრები სვამენ. ისინი ოლიგაქრის წერილის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ ნაბიჯით, ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე  პასუხისმგებლობა მთლიანად თანაგუნდელებს გადააბარა  და თავად  პოლიტიკურ ველს გაემიჯნა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილი  გაიქცა – ხალხი კი პანდემიის პირისპირ მარტო დატოვა.

როგორ შეიცვლება “ქართული ოცნების” პოლიტიკა და იქონიებს თუ არა ეს გავლენას ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ივანიშვილი მაინც ქვეყნის არაფორმალურ მმართველად დარჩება, თუმცა დღეიდან  ის ქვეყანაში მოსალოდნელ მძიმე ეკონომიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობას აღარ აიღებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები