28 გარდაცვლილი, 1612 ახალი ინფიცირებული – კორონავირუსის 7 იანვრის სტატისტიკა | 07.01.2021

28 გარდაცვლილი, 1612 ახალი ინფიცირებული და 419 განკურნებული – ასეთია კორონავირუსის 7 იანვრის სტატისტიკა. თვითიზოლაციაში იმყოფება საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერანტი, შორენა თეთრუაშვილი. პატრიარქის პირადი ექიმის ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილს შეხება კორონავირუსით ინფიცირებულ სასულიერო პირთან ჰქონდა. ცისანა შარტავას თქმით, თეთრუაშვილი COVID-19-ზე ტესტს ხვალ ან ზეგ გაიკეთებს. შარტავას ინფორმაციითვე, პატრიარქის რეფერანტს ილია მეორესთან შეხება რამდენიმე დღის წინ, მის იუბილეზე ჰქონდა, თუმცა მისივე განმარტებით, დაცული იყო დისტანცია და ეკეთა პირბადე. ცისანა შარტავას განცხადებით, დამაკმაყოფილებელია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, COVID-19-ზე ტესტირება დაწყო სამების ტაძარში.  გამოვლინდა კორონავირუსის ახალი შემთხვევები. ტესტი ეკლესიაში მომსახურე 100-მდე პირს ჩაუტარდა, რომელთაგან დადებითი 2 სტიქაროსანი აღმოჩნდა. მათგან ერთ-ერთს ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა, თუმცა ორივეს განმეორებითი ტესტირება უტარდება, რომლის პასუხები ჯერ უცნობია. ორივე პირი იზოლაციაში იმყოფება და საშობაო ლიტურგიას არ დასწრებია.

COVID-19-ით 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა აჭარაში.  ბოლო 24 საათში კი ზღვისპირა რეგიონში კორონავირუსის 118 შემთხვევა გამოვლინდა, 125 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.  ექიმების განმარტებით, დაღუპულის მდგომარეობა ფასდებოდა, როგორც მძიმე და იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში.

ეპიდემიოლოგირუი მდგომარება რთულია ოკუპირებულ აფხაზეთში. გასულ დღე-ღამეში რეგიონში COVID-19-ით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა და 142 ადამიანი დაინფიცირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 465 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 136 პაციენტი, 7 196 ადამიანმა კი ვირუსი დაამარცხა.

88 მილიონამდე ინფიცირებული, მილიონ 900 000 დაღუპული და 63 მილიონი განკურნებული – ასეთია მსოფლიო სტატისტიკა ბოლო მონაცემებით. ბოლო რამდენიმე თვეა 3%-მდეა გაზრდილი COVID-19-ის ლეტალობის მაჩვენებელი. ევროკავშირმა ინფიცირებისა და ლეტალობის მაჩვენებლის შესამცირებლად დაჩქარებული ტემპით დაამტკიცა კიდევ ერთი ვაქცინა, რომელიც კომპანია “მოდერნას” ეკუთვნის. ევროპის შემდეგ რეკორდული ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება აზიის ქვეყნებშიც. ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა ეპიდვითარების კონტროლს ვეღარ ახერხებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიის დროულად დასასრულებლად აუცილებელია ქვეყნებმა ვაქცინის გადანაწილების მიმართულებით თანამშრომლობა მოახერხონ.