კორონავირუსის ეპიდემია პენიტენციურ დაწესებულებებში. COVID-19-ით ქსნის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა | 06.01.2021

კორონავირუსის ეპიდემია პენიტენციურ დაწესებულებებში.  COVID-19-ით ქსნის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. თუმცა როგორც იუსტიციის მინისტრი განმარტავს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო პატიმარს  გათავისუფლებულის სტატუსი ჰქონდა. გოჩა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ  გარდაცვლილი სიმპტომების აღმოჩენისთანავე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კორონავირუსი დაუდასტურდა ქალთა N5 დაწესებულების 23 პატიმარს. ქალი პატიმრები, რომელთაც ვირუსი 3 იანვარს დაუდასტურდათ, ციხის საკარანტინე ზონებში იმყოფებიან. იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ ციხეებში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მიმდინარეობს  პატიმრების ინტენსიური ტესტირება.

ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამი ინფექციის აფეთქების საშიშროების საფუძველს არ იძლევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ ახალი შტამი ახალგაზრდებში უფრო მალევრცელდება, თუმცა ეს მეცნიერულად დამტკიცებული არ არის. პაატა იმნაძე განმარტავს, რომ   COVID-19-ის ახალი შტამის მიმდინარეობა მისი წინამორბედისგან არ განსხვავდება.

საქართველოში “ფაიზერის”, “მოდერნას” და “ასტრაზენეკას” ვაქცინების შემოტანა განიხილება. როგორ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, მზადდება ვაქცინის დანერგვის გეგმაც, რომელზე მუშაობაც კვირის ბოლოს დასრულდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველები ხანდაზმულები აიცრებიან.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას გრიპის ვაქცინით აცრას ურჩევენ. საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გრიპის ვაქცინის ათვისება არც ისე მაღალია. პაატა იმნაძემ დღეს განსაკუთრებით ორსულებს მოუწოდა გრიპის აცრის გაკეთება, რადგან მისი თქმით, ორსულებისთვის გრიპის ვირუსი გაცილებით  საშიშია, ვიდრე COVID-19.

კორონავირუსის მაჩვენებელი ისევ სტაბილურია, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსის გავრცელება ისევ საკმაოდ ინტენსიურია. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვირუსზე ტესტირებისას, დადებითი მაჩვენებელი – 11%-ია, მაშინ როცა ეს ციფრი- 5% უნდა იყოს. საახალწლოდ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე 10 იანვრის შემდეგ ჯანდაცვის სისტემა, შემთხვევების მატებას ისევ ელოდება.

ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა, ტესტზე დადებითი პასუხი კი 1800-მა ადამიანმა მიიღო. კოვიდინფექცია გასულ დღე-ღამეში 489 პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223 276-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა ისევ დედაქალაქში ფიქსირდება.

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 233 879-ს შეადგენს. მათგან  2 666 ადამიანი გარდაიცვალა. საკარანტინე სივრცეებში 484 ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი  24 279 ადამიანი იმყოფება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები